არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: საკულტო ნაგებობა, ეკლესია
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – XIII ს
მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინანტები) – ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყინჩაური, მდ. სხალთისწყლის ხეობა, GPS 41˚35’073” N 42˚19’767” E
შესწავლის/კვლევის ისტორია (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია):
აღმოჩენის გარემოებები: პირველი ცნობები სხალთის ეკლესიის შესახებ დაკავშირებულია დიმიტრი ბაქრაძის სახელთან, რომელმაც 1873 წ იმოგზაურა აჭარაში. 1874 წ სხალთას გიორგი ყაზბეგი ეწვია. მნიშვნელოვანია ინფორმაცია სხალთის შესახებ, რომელსაც პრასკოვია უვაროვა გვაწვდის, რომელმაც 1886 წ იმოგზაურა აჭარაში. იგი დეტალურად აღწერს ნაგებობას, აქვეყნებს სქემებსა და ფოტოებს. ეკლესიას კრამიტის სახურავი აღარ ჰქონდა, კამარები დაბზარული იყო, შემოძარცვული ქვის კვადრები მეორადად იყო გამოყენებული მუსლიმანურ ნაგებობაზე. აღარ იყო ჩრდილოეთის მინაშენი. თედო სახოკიას მოგზაურობის ჩანაწერებიდან კი ჩანს, რომ 1897 წ ნგრევას გადარჩენილი სხალთის ეკლესია მგზავრთა და მწყემსთა სასტუმრო თავშესაფრად იყო ქცეული.
ძეგლზე ჩატარებული კვლევები:
ინტერესი სხალთის ეკლესიის მეცნიერული შესწავლისადმი XX ს 40-იანი წლებიდან ჩნდება. 1939 წელს ხელოვნებათმცოდნე რუსუდან მეფისაშვილისა და არქიტექტორ ანა გოგელიას მიერ ჩატარდა ძეგლის აზომვა, შესრულდა ნახაზები. განისაზღვრა სხალთის ეკლესიის აგების თარიღი – XIII ს. 1955-1957 წწ სხალთის ეკლესიის პირველი საფუძვლიანი რესტავრაცია დაკავშირებულია ლევან ხიმშიაშვილის სახელთან. მორღვეული კედლები აღდგა, განახლდა სარკმლები, ეკლესია გადაიხურა (ტაბ. I). 1988 წ. ძეგლთა დაცვის სამმართველოს მიერ ეკლესიას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, ხელახლა გადაიხურა მაღალი ხარისხის სპილენძის სახურავით (რესტავრატორი ვლადიმერ ოთარაშვილი). 2011 წელს ვლადიმერ ოთარაშვილისა და ნინო ბაკურაძის პროექტების საფუძველზე განხორციელდა სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი მინაშენების რეკონსტრუქცია. X-XI ს ნანგრევებზე აშენდა მცირე სამლოცველო, განახლდა გალავნის კედლები და კარიბჭე. სხალთის ფრესკების გაწმენდა-გამაგრების სამუშაოები ჩატარდა 1997-2000 წწ (რესტავრატორი გურამ ჭეიშვილი).
სხალთის ფრესკები შეისწავლა მაია ჭიჭილეიშვილმა.
1981-1982 წწ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სხალთის ეკლესიის ტერიტორიაზე აწარმოა საველე სამუშაოები (შოთა მამულაძე, მხატვარი-არქიტექტორი ა. ჯაველიძე, ფოტოგრაფი გ. ბიბილეიშვილი).
სხალთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი თავდაპირველი და შედარებით სრულყოფილი სახით ჩვენამდე მოღწეული ძეგლია აჭარაში (ტაბ. II-III). იგი ხულოს რაიონში, მდინარე სხალთისწყლის ხეობაში, ქ. ბათუმიდან 100 კმ დაშორებით მდებარეობს. ნაგებობები მდინარის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მთის ფერდის მოვაკებულ ტერასაზეა განლაგებული ეზოს გალავანი ფრაგმენტულადაა გადარჩენილი. შვერილაფსიდიანი დარბაზული ეკლესია კომპლექსის მთავარი ნაგებობაა. ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სამლოცველო-საძვალე, ე. წ. სხალთის მცირე ეკლესია ნანგრევების სახითაა მოღწეული. ჩრდილო-აღმოსავლეთით ქვითკირით ნაგები მარანია დაცული. სხალთის ტაძარი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ტაძრის თავისებურებას შვერილი შვიდწახნაგოვანი აფსიდი და სამხრეთის თაროვანი კარიბჭე წარმოადგენს. დასავლეთის მხარეს არსებულ კარიბჭის ნაშთებია შემორჩენილი. ტაძარს მცირე მინაშენი ჩრდილოეთის მხარესაც ჰქონდა. ტაძარს ორი შესასვლელი ჰქონდა – სამხრეთის და დასავლეთის. კამარის საბჯენი თაღები, გრძივი კედლების დამანაწევრებელი ნახევარსვეტები და თაღოვანი ნიშები დარბაზულ ნაწილს სამ ნაწილად ჰყოფს. ტაძარი თანაბრადაა განათებული ცხრა მაღალი თაღოვანი და ორი წრიული სარკმლით. კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვის კვადრებით, რიყის ქვები მხოლოდ კამარის შუაგულშია გამოყენებული. ორსაფეხურიან ბაზისზეა აღმართული. დარბაზული ნაწილი გადახურულია ორქანობა, ხოლო აფსიდი კონუსური ფორმის სახურავით. სამხრეთის კარიბჭე, რომელიც უფრო გვიანაა მიშენებული, თავდაპირველად სამი ნაწილისგან შედგებოდა და მთელ სიგრძეზე გასდევდა ფასადს. ტაძარი კარიბჭით მთლიანად იყო მოხატული (ტაბ. IV). დღეისათვის ფრესკები ძირითადად საკურთხეველში, კამარასა და დასავლეთ კედელზე შემორჩა. მხატვრულ-სტილისტური თავისებურებები სხალთის მოხატულობას XIV-XV სს პალეოლოგოსთა სტილის ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშებთან აკავშირებს. სხალთის მხატვრობა ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საინტერესო და თავისი დროის გამორჩეილი ნიმუშია. იგი ვრცელი, განვითარებული იკონოგრაფიული პროგრამითა და გააზრებული კომპოზიციური გადაწყვეტით ხასიათდება.
მარანი, რომელიც გზის პირას, ტაძრიდან მოშორებით მდებარეობს, სწორკუთხა ფორმის მოზრდილი ნაგებობაა. შესასვლელი მარანს სამხრეთი მხრიდან აქვს. მისი შიდა გადახურვა კამაროვანია. აქ დღესაც ინახება საწნახელი და მიწაში ჩამარხული ქვევრები. სხალთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუა საუკუნეებშივე გაჩნდა სასაფლაო. გამოვლინდა 4 ტიპის სამარხები: ორმოსამარხები, ამოშენებულკედლიანი სამარხები, ქვის სამარხები და აკლდამა (ტაბ. V).
არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების შეჯერებით დასტურდება, რომ სხალთის მცირე ეკლესია აუგიათ IX-X სს, ხოლო დღემდე მოღწეული ტაძარი მოგვიანებით XIII ს შუახანებში.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალზე სხალთის ხუროთმოძრვრული კომპლექსი რეგისტრირებულია შემდეგი ნომრებით: დარბაზული ეკლესია – 11873, მცირე ეკლესია – 11877, გალავანი – 11878, მარანი – 11878, სხვა ნაგებობები – 11880.
არტეფაქტები. ყურადღებას იქცევს ეკლესიის სამხრეთ მინაშენის დასავლეთ სექტორში აღმოჩენილი ბრინჯაოს მოზრდილი ჯვარი, რომლის თითოეული მკლავის კუთხეები პატარა გამონაზარდით ბოლოვდება. ოთხივე ბოლოზე მრგვალი მედალიონებიც უნდა ყოფილიყო. ამ ჯვარს პარალელები XII-XIII სს ნიმუშებს შორის ეძებნება. ასევე, აღმოჩნდა 5 რკინის და 1 კირქვისაგან დამზადებული მინიატურული ჯვარი (სამარხი 16). კერამიკული ნაწარმიდან აღსანიშნავია აკლდამაში აღმოჩენილი დოქის ქვედა ნაწილი, რომელსაც მუცლის უდიდეს დიამეტრზე წითელი წერნაქით დატანილი აქვს ორ წრეხაზს შორის მოქცეული ბადისებრი სარტყელი. ქვედა ხაზს ქვემოთ შემკულია პატარა ბურცობებით. სამზარეულო ჭურჭლიდან გამოირჩევა მეორე და მესამე ტიპის ქოთნები. ერთი ხელადის ყურის ფრაგმენტზე ჯვრის გამოსახულებაა (№14), არის ნიმუშები პირთან ახლოს მიძერწილი ყურის ბოლოზე ჭდეებით გამოყვანილი ჯვარედინი ხაზებით (№27). აღმოჩნდა ცალპირლესური დანა (სამარხი 26). 1982 წლის ექსპედიციის მუშაობისას აღმოჩნდა მონეტა.
ბიბლიოგრაფია:
- შ. მამულაძე, აჭარისწყლის ხეობის შუასაუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები, ბათუმი, 1993
- შ. მამულაძე, სამარხთა ტიპები და დაკრძალვის წესები, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა, II, ბათუმი, გამომცემლობა „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2009, გვ. 206-226 (pdf)
- მ. ჭიჭილეიშვილი, საეკლესიო ხუროთმოძღვრება, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა, II, ბათუმი, გამომცემლობა „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2009, გვ. 198-205 (pdf)
- მ. ჭიჭილეიშვილი, სხალთის ეკლესიის მოხატულობა, თბილისი, 2009 (pdf)
- მ. ჭიჭილეიშვილი, სხალთის ეკლესიის რესტავრაციის ისტრიიდან, ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები (სამეცნიერო შრომების კრებული), VIII, ბათუმი, 2020, გვ. 3-21 (pdf)
პასპორტის შემდგენელი: ნინო ძნელაძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი