არქეოლოგიური ძეგლის პასპორტი
არქეოლოგიური ობიექტის დასახელება: ჩაისუბნის განძი
არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: განძი
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა, ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევარი. ძვ.წ. VIII-VII სს.
მისამართი (ქვეყანა, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – საქართველო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანი, ჩაქვისწყლის ხეობა, GPS 41°41′54″ N 41°46′23″ E .
შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია)
აღმოჩენის გარემოებები: 1954 წელს ციტრუსების პლანტაციისათვის ნიადაგის მომზადების დროს სოფელ ჩაისუბანში კოლმეურნეებმა იპოვეს ბრინჯაოს განძი, რომელიც შედგება ოთხი ცულის, სამი თოხის, ერთი წალდისა და ერთი მასიური რგოლისაგან. მონაპოვარი ჩაქვისწყლის ხეობაში მივლინებულ, აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციის წევრს შოთა რუსიძეს (აჭარის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი 1950-60 წლებში) გადასცეს.
ძეგლზე ჩატარებული კვლევები; განძის აღმოჩენის ადგილის არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა. აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ პირველი ცნობა ეკუთვნის შოთა რუსიძეს. შემდეგ საგანგებოდ შეისწავლეს დომენტი ქორიძემ, ალექსანდრე რამიშვილმა, ნარგიზ სურმანიძემ. განძის ცალკეული ნივთები (ყუაკვერიანი ცული, ვერტიკალურხვრელიანი ცული, გრავირებული რგოლი) მსგავსი ტიპის მასალების გვერდით განხილული აქვს ამირან კახიძეს, ნანა ხახუტაიშვილს, ნანა ქორიძეს.
მკვლევარნი ორ ცულს მიაკუთვნებენ კოლხური ცულების პირველ ტიპს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მაღალი მახვილი ყუა, წვეტიან-ოვალური მოყვანილობის სატარე ხვრელი, ექვსად დაწახნაგებული ტანი, ასიმეტრიული პირი (ტაბ. I/1,2).
ყუაკვერიანი ცულის (ტაბ. I/3). ადრეულ ფორმებს გენეტიკურად მცირე და წინააზიურ სამყაროსთან აკავშირებენ და თვლიან, რომ ძვ. წ. XII-XI სს-ვის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ყალიბდება მათი კლასიკური სახეობები, რომლებიც უცვლელად რჩება ძვ.წ. VII საუკუნემდე.
სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთგვაროვანი მოსაზრებაა ვერტიკალურხვრელიან ცულთან დაკავშირებით (ტაბ. I/4). ზოგიერთი მას კოლხური ცულების სახესხვაობად მიიჩნევს, ზოგი ბრტყელ ცულს ამსგავსებს, ზოგიც ,,კელტის მაგვარს” უწოდებს. ცულის დანიშნულებასთან დაკავშირებითაც არაა ერთიანი შეხედულება: ანიჭებენ საჭრელის, მარტივი სახვნელის, ან კიდევ საბრძოლოო ფუნქციას.
ჩაისუბნის განძში სამეურნეო იარაღებიდან გამოიყოფა ფართო სამუშაოპირიანი თოხები (ტაბ. I/5, 6), რომლებიც ყველაზე ახლოს დგანან ციხისძირის, განთიადის, ბობოყვათის, ვაკიჯვრის მასალებთან.
განძში წარმოდგენილია ასევე ბრინჯაოს მასიური რგოლი, რომელიც შემკულია ზოომორფული გამოსახულებით (ტაბ. I/8)
სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებულია მოსაზრება, რომ ჩაქვისწყლის ხეობაში მოქმედებდა ბრინჯაოს წარმოების ერთ-ერთი კერა. სოფელ ჩაისუბნის განძის აღმოჩენა აქ სახელოსნოს არსებობაზეც უნდა მიუთითებდეს.
ჩაისუბნის განძი ინახება ასსიპ ჭარის მუზეუმის – ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში.
ბიბლიოგრაფია:
- კახიძე ა., ყუაკვერიანი ცულების გენეზისის საკითხისათვის, – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, IV, ბათუმი, 2007, გვ. 4-10 (pdf)
- რამიშვილი ალ., კოლხური მატერიალური კულტურის ისტორიიდან, გამომც. ,,საბჭოთა აჭარა, ბათუმი, 1974, გვ. 13-14, ტაბ.VI
- რუსიძე შ., ექსპედიციის ანგარიშები ჩაქვის ხეობაში 1954 წელს – აჭარის ხარიტონ ახვლედინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი, №486
- რუსიძე შ., ბრინჯაოს ხანის მატერიალური კულტურის ძეგლები, – გაზეთი ,,საბჭოთა აჭარა“, 16 ივნისი, №118:4.
- სურმანიძე ნ., ჩაისუბნის განძი, – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, IV, ბათუმი, 2007, გვ. 1-15.(pdf)
- ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, ,,მეცნიერება“, თბილისი, 1965, გვ. 21, ტაბ. XI/9-11, 13-15. (pdf)
- ქორიძე ნ., კავკასიური მხატვრული ბრინჯაო, – ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმის მაცნე, III, ბათუმი, 2010, გვ. 57-61.
პასპორტის შემდგენელი: ნარგიზ სურმანიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, მეცნიერ-მუშაკი