არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: სადგომი
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა, ძვ.წ. II ათასწლეულის II – I ათასწლეულის I ნახევარი
მისამართი (ქვეყანა, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – საქართველო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ქობულეთი, ფიჭვნარი, 41˚53″527” N 41˚46’851′ E
History of study/research (circumstances of discovery, studies conducted on the monument, researchers working on the monument, bibliography):
აღმოჩენის გარემოებები: 1953 წელს ქობულეთის ფიჭვნარში მუშაობას იწყებს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია ნინო ხოშტარიას ხელმძღვანელობით. ფიჭვნარში, ადგილ ,,ნაპურვალასა“ (კოლხური სამაროვანი) და ,,ნამჭედურის“ (გორა-ნამოსახლარი) გათხრების პარალელურად ექსპედიცია ფიჭვნარისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ძეგლების გამოვლენის მიზნით აწარმოებდა ფართო დაზვერვით სამუშაოებსაც. დაზვერვების დროს ექსპედიციამ ფიჭვნარში მიაკვლია ქვიშაზვინულებს (დიუნური სადგომი), ზედაპირულად შეაგროვა არქეოლოგიური მასალა. ტერიტორიის ზედაპირული კვლევა 1956 წელსაც გაგრძელდა.
ძეგლზე ჩატარებული კვლევები: 1961 წლიდან 1967 წლამდე ფიჭვნარის დიუნური სადგომების შესწავლის მიზნით ყოველწლიურად ეწყობოდა არქეოლოგიური გათხრები. შესწავლილია 1800 მ2 ფართობი. ძეგლს იკვლევდა ალექსანდრე რამიშვილი.
ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები 2010 წელსაც ჩატარდა. სამუშაოები მიმდინარეობდა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში. კერძოდ, სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიის 20000 მ2 ფართობი მძიმე ტექნიკის გამოყენებით ნიველირებული იყო სასტუმროებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით. არქეოლოგიური გათხრებისათვის არასახარბიელო პირობებში (ნოემბერ-დეკემბერი), ბათუმის არქეოლოგიურის მუზეუმის (ამჟამად სსიპ აჭარის მუზეუმის ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი) თანამშრომლების (ხელმძღვანელი – ამირან კახიძე, წევრები: შოთა მამულაძე, ირაკლი ჩავლეიშვილი, გიორგი თავამაიშვილი, ანზორ ჯაველიძე, ნარგიზ სურმანიძე, ნინო ძნელაძე,მერაბ ხალვაში,მირანდა თურმანიძე, გივი ნახუცრიშვილი, სულხან ოქროპირიძე)დიდი მონდომებით მოხერხდა ძეგლის გარკვეული მონაკვეთის შესწავლა.
2010 წლის გათხრებით ფიჭვნარის დიუნურ სადგომზე სტერილური შრეებით გამოყოფილი ექვსი კულტურული ფენა დადასტურდა. ყველაზე ადრეული ზედაპირიდან 7,5 მეტრის სიღრმეზეა დაფიქსირებული. როგორც ჩანს, ზღვა იმდენად ახლოს იყო ნაპირთან, რომ დროდადრო ტალღები სადგომზე გადმოდიოდა და ქვიშით ფარავდა კულტურულ ფენებს. ეს დეტალი (სადგომისთვის ადგილის ზღვის ნაპირთან შერჩევა) საგულისხმოა და, პირდაპირ თუ ირიბად, სადგომების ფუნქციონალურ დანიშნულებასთან არის დაკავშირებული.
სხვადასხვა დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ სადგომისათვის კაპიტალური ნაგებობები არ არის დამახასიათებელი. მკვლევართა მოსაზრებით დროებითი საცხოვრებელი ნაგებობა მსუბუქი კონსტრუქციის ,,ფაცხისებური“ ტიპის უნდა ყოფილიყო, რომლის ნაშთები ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად ფაქტობრივად გამქრალია. სამაგიეროდ ძეგლზე კარგად იყო დაცული საკულტო-სარიტუალო ადგილები – სამსხვერპლოები (ტაბ. I-II). ისინი ზოგჯერ დიდი ზომის თიხის რქისებრი სადგრებით იყო მოწყობილი.
ფიჭვნარის დიუნურ ნამოსახლარზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ძირითადად კერამიკული ნაწარმის სახითაა წარმოდგენილი (ტაბ. III-IV). მრავალრიცხოვანია აბაზინისებრი ჭურჭლის, სადგრების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭლის ფრაგმენტები, გვხვდება მთლიანი ფორმებიც, საკულტო დანიშნულების ნივთები. ქვის ნაწარმიდან დიდი რაოდენობითაა თევზჭერისათვის განკუთვნილი ბადის საძირავები.
დიუნური სადგომების ფუნქციონალური დანიშნულების თაობაზე მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს: გამოითქვა მოსაზრება, რომ ზღვისპირა ქვიშაზვინულებზე ადგილობრივები თევზჭერით და მათი დამარილებით იყვნენ დაკავებული. ასევე, შემოთავაზებული იყო ვერსია, რომ დიუნური სადგომები წარმოადგენდა კულტმსახურების აღსრულების ადგილს, სადაც პერიოდულად სრულდებოდა რელიგიური რიტუალები. და ბოლოს, გამოითქვა ერთგვარი კომპრომისული მოსაზრება, რომ ქვიშაზვინულებზე წლის სხვადასხვა დროს, სეზონურად, სრულდებოდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საწარმოო პროცესი და საკულტო ცერემონიალები.
Bibliography:
1. თავამაიშვილი გ., ძველი სადგომები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ახალშავზღვურ ტერასაზე. – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, XXII, თბილისი, 2012 (pdf)
2. ინაიშვილი ა., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციის 1973 წლის მუშაობის შედეგები (ანგარიში). – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, VI, თბილისი, 1977
3. კახიძე ა., საქართველოს ზღვისპირეთის ანტიკური ქალაქები, თბილისი, 1971
4. კახიძე ა., თავამაიშვილი, გ., ჩავლეიშვილი, ი., საველე არქეოლოგიური ძიებანი ფიჭვნარის ქვიშაზვინულებზე. – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, V, თბილისი, 2013 (pdf)
5. რამიშვილი ა., ძველი სადგომები ფიჭვნარის ქვიშნარ დიუნაზე (1961 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგები). – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, თბილისი, 1964
6. ჩავლეიშვილი ი., არქეოლოგიური გათხრები ფიჭვნარის უძველეს ნამოსახლარებზე 1983 წელს. – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, XVI, თბილისი, 1987
Passport compiled by: Nargiz Surmanidze, Academic Doctor of History, LEPL Ajara Museum - Amiran Kakhidze Ajara Archaeological Museum, Researcher