Ajara Archaeological Sites

Pichvnari Cult Site

📍 View on map
ფიჭვნარის საკულტო ძეგლი

Passport of Archaeological Monument

არქეოლოგიური ობიექტის დასახელება: Pichvnari Cult Site

არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: საკულტო ძეგლი

ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა, ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევარი

მისამართი (ქვეყანა, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – საქართველო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ფიჭვნარი, GPS 41˚53″527” N 41˚46’851′ E

History of study/research (circumstances of discovery, studies conducted on the monument, researchers working on the monument, bibliography):  

აღმოჩენის გარემოებები: 1965 წელს ფიჭვნარის ელინისტური ხანის სამაროვნის არქეოლოგიური გათხრების დროს ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ სამარხებისა და სამარხეული მასალის გვერდით მეტ-ნაკლები რაოდენობით გამოჩნდა სხვადასხვა სახის (საკულტო თუ საყოფაცხოვრებო) კერამიკის ფრაგმენტები, ქვის ნივთები, რომლებიც მკვლევათა წინასწარი მოსაზრებით შუაბრინჯაოს ხანის მიწურულითა და გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპით დათარიღდა. დადასტურდა, რომ სამაროვანს ნაწილობრივ დაურღვევია ბრინჯაოს ხანის საკულტო მოედნის კულტურული ფენები.

ძეგლზე ჩატარებული კვლევები: საკულტო ძეგლის არქეოლოგიური გათხრები 1973 წელს დაიწყო ელინისტური ხანის სამაროვნების შესწავლის პარალელურად. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა  ასლან ინაიშვილი, მონაწილეობდნენ: დ. ხახუტაიშვილი (მოადგილე), ალ. რამიშვილი, ი. გრძელიშვილი, ნ. ვაშაკიძე, ი. სამსონია, დ. დავითულიანი.  სამუშაოები გაგრძელდა 1974 წელსაც. ექსპედიციას შეუერთდნენ ს. გოგიტიძე, ლ. ჩხაიძე, ა. ჯაველიძე და გ. ბიბილეიშვილი.

1973 -1974 წწ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა ძეგლის სტრატიგრაფია. გამოიყო 20 სმ სიმძლავრის ჰუმუსი, ასევე, 1,5-1,75 მ მოყვითალო შეფერილობის სილნარი ფენა, სადაც აღმოჩნდა კულტმსახურების შესრულებისას გამოყენებული საკმაოდ ინტენსიურად განფენილი ნივთიერი მასალა. თხრილის აღმოსავლეთ, დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მონაკვეთზე პრეპარაციისას დაფიქსირდა სიმეტრიულად განლაგებული ცხრა ორმო (ტაბ. I). ისინი მსუბუქი კონსტრუქციის მქონე საკულტო ნაგებობის ბოძების ბუდეებადაა მიჩნეული. ცენტრალურ ნაწილში  5 სმ სისქის თიხატკეპნილი იატაკის ნაშთებია. ერთ-ერთ, 40X40 სმ ზომის იატაკს ჩრდილოეთი გვერდი სწორხაზოვანი ჰქონდა. კერამიკა, რომელიც თითქოსდა საგანგებოდ იყო დამტვრეული, მოშავო-მოწითალო ფერის გამკვრივებული ფენაში აღმოჩნდა.

ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაადგინეს, რომ კულტის მსახურთ საკურთხეველი-სამსხვერპლოს აგებამდე, სადაც სრულდებოდა  ასტრალურ ღვთაებებთან, ნაყოფიერებისა და ხარის კულტთან დაკავშირებული ღვთისმსახურება, საგულდაგულოდ მოუმზადებიათ სივრცე. წარმართობის ხანის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით წამყვანი ადგილი უკავია რქისებრშვერილიან თიხის სადგრებს (ტაბ. IV/1, 2)  და ე. წ. მრავალგანყოფილებიან  საოჯახო  საკურთხეველ-სამსხვერპლოებს (ტაბ. III/2).

საკულტო ძეგლზე აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი სამეურნეო და სამზარეულო დანიშნულების კერამიკის ფრაგმენტები (ტაბ. II; III/1). ჭურჭელი მდიდრულადაა შემკული. გამოყენებულია მცენარეული მოტივები, ჰორიზონტალური ღარები, ჭდეები, კოპები, უფუძო სამკუთხედები, მზის სიმბოლური გამოსახულებები. ძველ კოლხებს წარმართულ ღვთაებათა პატივსაცემად არც თიხის კვირისტავების შეწირვა დავიწყებიათ. ყველა მათგანი ბრტყელი წრიული შემოწერილობისაა (ტაბ. IV/3).

სხვა მონაპოვრებიდან აღსანიშნავია კაჟის ისრისპირები, რიყის ქვებისაგან დამზადებული ორგვერდამოღარული საწაფები (ბადის საძირავები), ქვის საფქვავ-სასრესები, ქვის სანაყ-საბეგველები.

ძეგლზე აღმოჩენილი არტეფაქტები ინახება სსიპ აჭარის მუზეუმის – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმში.

Bibliography:

1. ინაიშვილი ა., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ექსპედიციის 1973 წლის მუშაობის შედეგები (ანგარიში). – სდსძ (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები), VI, 1977,  გვ. 54-66

2. ინაიშვილი ა., სამხრთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციის 1974 წლის მუშაობის შედეგები (ანგარიში). – სდსძ, VI, 1977, გვ. 67-90

      3. კახიძე ა., მასალები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ძველი ქალაქების ისტორიისათვის. –  მსკა,  IV, თბილისი, 1965, გვ. 67-94

4. კახიძე ა., სურმანიძე ნ., ნაგერვაძე მ.,  აჭარა ენეოლით-ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანაში (კატალოგი), ბათუმი, 2016, გვ. 93-98 (pdf)

5. კახიძე ა., სურმანიძე ნ., ფიჭვნარის საკულტო ძეგლი. – ფიჭვნარი VIII, ბათუმი, 2023, გვ. 117-141 (pdf)

6. ხახუტაიშვილი ნ., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი ადრერკინის ხანაში, 1985

Passport compiled by: Nargiz Surmanidze, Academic Doctor of History, LEPL Ajara Museum - Amiran Kakhidze Ajara Archaeological Museum, Researcher