არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: ნამოსახლარი
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – მეზოლითი, ძვ.წ. X-IX ათასწლეულები
მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები:) –
ქობულეთი, კინტრიშის ხეობა, სოფ. ქობულეთი; N 41 59.386 E 042 13.431
შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები) –
სოფ. ქობულეთის ქვის ხანის ნამოსახლარი მდებარეობს ქობულეთიდან დაახლ. 8-10 კმ-ის მანძილზე. ძეგლი მიეკუთვნება ღია ტიპის ნამოსახლარს, რომელსაც უკავია მდინარის ძველი ტერასა. ტერასის სიმაღლე დაახლ. 20-30 მ-ია. საერთო ფართობი დაახლ. 1 ჰა-ს აღემატება. როგორც კვლევებმა ცხადყო, ტერასა წარმოადგენდა უძველესი ადამიანის საცხოვრებელ ადგილს, რასაც თითქმის მთელს ტერიტორიაზე შემორჩენილი ქვის ხანის კულტურული ფენები და შესაბამისი არქეოლოგიური არტეფაქტები ადასტურებს. არქეოლოგიური ძეგლი ამჟამად სოფ. ქობულეთში მცხოვრები ინაიშვილების საკარმიდამო ნაკვეთშია.
პირველი ცნობები არქეოლოგიური ძეგლის შესახებ ეკუთვნის ცნობილ ქართველ ქალ არქეოლოგებს – ნინო ბერძენიშვილსა და ლამარა ნებიერიძეს, რომლებმაც 1963 წ. სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარეს აღნიშნულ ნამოსახლარზე (ბერძენიშვილი, ნებიერიძე 1964: 7-16).
1973-1986 წწ. სოფ. ქობულეთის კვლევა-ძიების საქმეს წარმატებით ახორციელებდა არქეოლოგი სერგო გოგიტიძე, რომელსაც 30 000-ზე მეტი არტეფაქტი და სხვა არქეოლოგიური ობიექტი აღმოუჩენია (გოგიტიძე 1978; 2008).
2019-2025 წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განახლდა საერთაშორისო არქეოლოგიური კვლევა-ძიებანი სოფ. ქობულეთში (ექსპედიციის ხელმძღვანელი: გურამ ჩხატარაშვილი). კვლევაში არქეოლოგების გარდა ჩართული იყვნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერების (პალინოლოგია, გეოქიმია, გეოფიზიკა, არქეობოტანიკა, გეოლოგია) სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
არქეოლოგიური კამპანიების შედეგად სულ მოპოვებულია დიდძალი არქეოლოგიური მასალა (დაახლოებით 35 ათასი), მათგან 3 000-მდე იარაღია (ტაბ. II). ნუკლეუსებში გვხვდება ცილინდრული და ფანქრისებური ფორმები, რომელზეც ხელის წნევითი ტექნიკის გამოყენების შედეგად მიიღებოდა სწორი დანისებრი ლამელები და მიკროლამელები. იარაღებში წარმოდგენილია შემდეგი კატეგორიები: საფხეკები, რომელიც უმეტესად დამზადებულია ანტკეცებზე, ცოტაა ლამელაზე და მიკროლამელაზე დამზადებულები; მნიშნელოვან ჯგუფს ქმნიან მასიურ ანატკეცზე ნაკეთები სატეხები; საჭრისები იარაღებს შორის გამოირჩევიან მრავალფეროვნებითა და სიმრავლით. უმეტესობა შექმნილია ლამელებსა და მიკროლამელებზე. ძირითადად კუთხის და გვერდულა საჭრისებია.
ამასთან ერთად, ინტერდისციპლინური კვლევითი სამუშაოების შედეგად დაზუსტდა: უძველესი ადამიანის საცხოვრებელი გარემო (თბილი კლიმატი), ძირითად საქმიანობა (ნადირობა), მეზობელ რეგიონებთან კონტაქტები (სამხრეთ საქართველო, ჯავახეთი და აღმოსავლეთ ანატოლია), ქვის დამუშავების ტექნოლოგია (ხელის წნევითი ტექნიკა), ძეგლის ასაკი და ა.შ. (ჩხატარაშვილი, 2023; 2025; Chkhatarashvili et. Al., 2020; Chkhatarashvili, Manko, 2020; Chkhatarashvili, Glascock, 2022).
ბიბლიოგრაფია:
- ბერძენიშვილი ნ., ნებიერიძე ლ., ქვის ხანის ნამოსახლარები კინტრიშის ხეობაში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, I, თბილისი, 1964, 7-16
- გოგიტიძე ს., სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ნეოლითური კულტურა, თბილისი, 1978
- გოგიტიძე ს., კინტრიშის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები (ქობულეთის ადრენეოლითური ხანის ნამოსახლარი), ბათუმი, 2008
- ჩხატარაშვილი გ., 2023. პრეისტორიული ეპოქის არქეოლოგიური ძეგლები ფიჭვნარის შემოგარენში, ფიჭვნარი VIII, ბათუმი, 2023, 9-23 (pdf)
- ჩხატარაშვილი გ., ახალი მონაცემები სოფ. ქობულეთის ობსიდიანის მომარაგებისა და უძველესი ადამიანის მობილურობის შესახებ, შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, III, 2025, 47-74
- Ckhatarashvili G., Manko V., Kakhidze A., Esakiya K., Chichinadze M., Kulkova M., Streltcov M. South-East BlackSea Coast in Early Holocene Period (According tointerdisciplinary archaeological investigations in Kobuleti site), Sprawozdania Archeologiczne, 72(2), 2020, 213-230 (pdf)
- Chkhatarashvili G. Manko V. 2020. Kobuleti Site. The Evidence for Early Holocene Occupation in Western Georgia. Documenta Praehistorica, XLVII, 2020, 28-35 (pdf)
- Chkhatarashvili G., Glascock M. 2022. Obsidian at Kobuleti (Western Georgia): Evidence for early human contact in Western Transcaucasia during the Early Holocene, Archaeological Research in Asia, 29, 1-8
https://doi.org/10.1016/j.ara.2021.100348
პასპორტის შემდგენელი: გურამ ჩხატარაშვილი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი