აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

ისპანის  ტორფქვეშა  ნამოსახლარი

📍 რუკაზე ნახვა
ისპანის  ტორფქვეშა  ნამოსახლარი

არქეოლოგიური  ობიექტის  დასახელება:  ისპანის  ტორფქვეშა  ნამოსახლარი

არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: ნამოსახლარი

ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) –  ადრებრინჯაოს ხანა, ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლო- III ათასწლეულის პირველი ნახევარი

მისამართი (ქვეყანა, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – საქართველო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ისპანი, GPS 41˚52’630” N 41˚47’052” E

შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია) 

აღმოჩენის გარემოებები:  1964 წელს ისპანის ტორფნარი ადგილების დაშრობის მიზნით სადრენაჟე არხის გაყვანის დროს დაახლოებით 2 მ სიღრმეზე, ტორფის ფენის ქვეშ  აღმოჩნდა  ქვის ხელსაფქვავები, როდინები, საბეგველები, ფილთაქვები, ბადის საძირავებად გამოყენებული რიყის ქვის საწაფები, შურდულის ქვები, ქვის ცული, კაჟის ანატკეცები, ისრისპირები, ნამგლის ჩასართები და ა.შ.  არხიდან ამონაყარი ფენების ცალკეულ მონაკვეთებში ჩანდა კერიის ნაშთები, დანახშირებულ ნაცარში წაბლის, რკოს, წიწიბოსა და თხილის ნაჭუჭები.

ძეგლზე ჩატარებული კვლევები: 1971-1974 წლებში ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ასლან ინაიშვილი). შემოწმდა ტორფნარში სადრენაჟე არხების გაჭრისას ამოყრილი მიწა. ძეგლის სტრატიგრაფიული ჭრილის დადგენის მიზნით გაკეთდა სამი საკონტროლო თხრილი  (ზომები: 6X2 მ-ზე).  დადგინდა, რომ 1 მ სიმძლავრის  ტორფნარი შრე ხის მერქნის ნაშთების გარდა არ შეიცავდა არანაირ არტეფაქტს. ტორფნარის ქვემოთ დაფიქსირდა კულტურული ფენა, რომელშიც ორი დონე გამოიყო: 30 სმ სიმძლავრის თიხნარი და  145 სმ სიმძლავრის სილნარი. თიხნარში შემორჩენილი იყო  ხიმინჯიანი ნაგებობის ნაშთები. 10-15 სმ სისქის ხიმინჯები ვერტიკალურად იყო ჩადგმული გრუნტში ამოჭრილ ორმოში. მათზე უნდა მდგარიყო  ჯარგვალური ტიპის  შენობა.  ქვედა  დონის  ნაგებობები  კი  ძელურია (ტაბ. I/1).

ნამოსახლარის გათხრებისას აღმოჩნდა დიდი რაოდენობით სამეთუნეო ნაწარმი (ტაბ. II-III). მათგან გამოიყოფა სამეურნეო და სამზარეულო ჭურჭლის პროფილირებული ნატეხები და მთლიანი ნიმუშები, ბრტყელ და შეზნექილძირიანები. პირ-ქობაზე მიძერწილ ბრტყელგანივკვეთიან ყურებთან ერთად გვხვდება ისეთი ცალებიც, რომლებზეც  მასიური მარყუჟისებრი ყური ტანის არეშია დაძერწილი. დიდი ზომის ჭურჭლის ფორმებს ხშირად იმეორებს პატარა ზომის, სუფრაზე მოსახმარი თიხის ჭურჭელიც. შესამკობად გამოყენებულია სხვადასხვა მოტივი (ჰორიზონტალური ზოლები, მოგრძო ხაზები, აქცენტირებული შევრონისებრი ორნამენტი, რელიფური ზოლები და სხვა). მასალებს შორის წარმოდგენილია შავად გაპრიალებული ჭურჭლის ნატეხები, რომლებიც მტკვარ-არაქსის  გვიანდელ  ნაწარმთან  პოულობს  სიახლოვეს.

ისპანის კერამიკა სათავეს უდებს დასავლეთ ამიერკავკასიის, უფრო მეტად, კოლხეთის  ზოლის ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის მეთუნეობას. ის ეხმაურება კოლხეთის ზღვისპირეთის სხვა ძეგლების (დიხაგუძუბა, ოჩამჩირე) მასალებს. ვარაუდობენ, რომ მისი ერთი ნაწილი შემკობის მოტივებით გარკვეულ მსგავსებას ჩრდილო და ცენტრალური ანატოლიის სამეთუნეო ნაკეთობებთანაც პოულობს.

სამეთუნეო ნაკეთობებს შორის ნამოსახლარზე აღმოჩენილია საკულტო დანიშნულების ქალის სკულპტურული გამოსახულება (ტაბ.I/8), რომელიც განასახიერებს ნაყოფიერებისა და გამრავლების  მფარველ ძალებს. მსგავსი ქანდაკებები ფართოდაა გავრცელებული მახლობელ აღმოსავლეთში.

თიხისაგანაა დამზადებული მეტალურგიასთან დაკავშირებული არტეფაქტებიც: კონუსის ფორმის პატარა ზომის საქშენი მილები, აბაზანისებრი მინიატურული ტიგელი (ტაბ. I/4, 5, 6). ლითონის წარმოებას უკავშირდება ყუამილიანი ცულის ხის მოდელიც (ტაბ.  I/3).

ქვის ნაკეთობებიდან გვხვდება ცულის ფრაგმენტები (ტაბ. I/3), კაჟის ისრისპირები, ქვის ხელსაფქვავები, საწაფები.

არქეოლოგიური კვლევებით დგინდება, რომ ადრებრინჯაოს ხანის ფინალური საფეხურისათვის, ტრანსგრესიული პროცესების დაწყების  შედეგად, ისპანის მოსახლეობა ადგილის დაჭაობების გამო სამოსახლოს ტოვებს, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიფარა ტორფის სქელი ფენით.

ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარსა და ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ცალკეულ შრომებსა თუ სტატიებში განხილული აქვთ დავით ხახუტაიშვილს, ამირან კახიძესა და ნანა ხახუტაიშვილს.

ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარზე აღმოჩენილი არტეფაქტების დიდი ნაწილი ინახება სსიპ აჭარის მუზეუმის – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია:

  1. ინაიშვილი ა., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს უძველესი ნამოსახლარებისა და ნაქალაქარების არქეოლოგიური კვლევა-ძიების ძირითადი შედეგები (1959-1971). – სდსძ (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები), III, თბილისი, 1973, გვ. 3-37, სურ. 1
  2. ინაიშვილი ა., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციის 1974 წლის მუშაობის შედეგები. – სდსძ, VI, თბილისი, 1977, გვ. 67-90
  3. კახიძე ა., საქართველოს ზღვისპირეთის ანტიკური ხანის ქალაქები (ქობულეთ-ფიჭვნარი), თბილისი, 1971, გვ, 21-23
  4. კახიძე ა.,  ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის კულტურა. – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის  ნარკვევები, აჭარა  I,  ბათუმი,  2007, გვ. 135-139 (pdf)
  5. კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბილისი, 2016. (pdf)
  6. კახიძე ა., სურმანიძე ნ., ნაგერვაძე მ., აჭარა ენეოლით-ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანაში (კატალოგი), ბათუმი, 2016. (pdf)
  7. კახიძე ა., ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი. – ფიჭვნარი  VIII, ბათუმი, 2023, გვ. 57-86. (pdf)
  8. ხახუტაიშვილი დ., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ძირითადი შედეგები. – სდსძ, VIII, თბილისი, 1979, გვ.  3-18
  9. ხახუტაიშვილი დ., ქობულეთის ქვეყანა, I, ბათუმი, 1995.
  10. ხახუტაიშვილი დ., პალეოგრაფიული და დემოგრაფიული ვითარება ჰოლოცენში აჭარაში და მიმდებარე მხარეებში. – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა I, ბათუმი, 2007, გვ. 20-25 (pdf)
  11. ხახუტაიშვილი დ., ხელოსნობა. – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა I , ბათუმი, 2007,  გვ.140-143 (pdf)

პასპორტის შემდგენელი: ნარგიზ სურმანიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, მეცნიერ-მუშაკი