არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: ნამოსახლარი
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევარი – I ათასწლეული
მისამართი (ქვეყანა, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – საქართველო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ფიჭვნარი. GPS: 41° 53.291’N 41° 47.241’E
History of study/research (circumstances of discovery, studies conducted on the monument, researchers working on the monument, bibliography):
აღმოჩენის გარემოებები: ფიჭვნარის არქეოლოგიურმა ძეგლმა მკვლევართა ყურადღება შემთხვევით აღმოჩენილი მონეტების განძით მიიპყრო 1941, 1948 და 1952 წლებში, რასაც 1953 და 1956 წლებში მოჰყვა პირველი სადაზვერვო სამუშაოები მდ. ჩოლოქსა და მდ. ოჩხამურს შორის მდებარე ძველ გორა-ნამოსახლარებზე, რომელსაც არქეოლოგ ნინო ხოშტარიას ხელმძღვანელობით ატარებდა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია. ექსპედიციამ დაიწყო ერთ-ერთ ბორცვის შესწავლა, რომელსაც მოსახლეობა ,,ნამჭედურს“ უწოდებს.
ძეგლზე ჩატარებული კვლევები: გასული საუკუნის 60-80-იან წლებში ფიჭვნარის გორა-ნამოსახლარების თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ხოლო 1999 წლიდან ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი (ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი) და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. სხვადასხვა დროს ძეგლს იკვლევდა არქეოლოგები დავით ხახუტაიშვილი, ამირან კახიძე, ირაკლი ჩავლეიშვილი. ძეგლისა და აღმოჩენილი არტეფაქტების გრაფიკული ფიქსაცია დაკავშირებულია ანზორ ჯაველიძის (მხატვარ-არქიტექტორი) სახელთან.
1960 და 1961 წლებში ჩატარდა მცირე მასშტაბის სამუშაოები. გაიჭრა რამდენიმე საცდელი თხრილი, შეგროვდა ზედაპირული მასალა. 1962 წელს დადგინდა დასახლების გავრცელების მიახლოებითი საზღვრები. 1963 წელს შეიქმნა სქემატურ–ტოპოგრაფიული გეგმა, ხოლო ამავე წელს მცირე გათხრებიც ჩატარდა. ძეგლი დაიყო ცალკეულ უბნებად; ცენტრალურ გორა-ნამოსახლარს ,,ნამჭედური” (ტაბ. I) წარმოადგენს, რომელიც ყველაზე კარგადაა შესწავლილი. 1964-1965 და 70-80-იან წლებში ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად აქ გამოიყო ექვსი კულტურული ფენა, რომლებიც მოიცავს პერიოდს ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ძვ. წ. I ათასწლეულის ჩათვლით. ნამჭედურის ირგვლივ თავმოყრილია დიდ და პატარა ბორცვებზე განლაგებული ნამოსახლარები, რომელთაც გარს უვლის ხელოვნური თხრილები. ესენიც მრავალფენიანია.
ძეგლზე აღმოჩენილია საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთები (ტაბ.I/1,2; III/1), ლითონსამსხმელო სახელოსნო (ტაბ. III/2), მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ნივთიერი მასალა (სამეურნეო, საყოფაცხოვრებო, საკულტო) (ტაბ. IV, V, VI), რაც კარგად აჩვენებს ფიჭვნარში გვიანბრინჯაო-ადრერკინისა და ანტიკურ ხანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებს, ურთიერთობებს გარე სამყაროსთან. ადასტურებს, რომ ძვ. წ. II ათასწლეულში მდინარეების – ჩოლოქისა და ოჩხამურის – ხერთვისის ზონაში გაჩნდა რიგი სათემო, დაბური ტიპის დასახლებები (ტაბ. II), რომლებიც ძვ. წ. VIII-VII სს მიითვლიდა არა მარტო მდინარეთა ხერთვისის ზონას, არამედ ტერიტორიას მდინარიდან ახალშავზღვურ ტერასამდე. არსებობს მოსაზრება, რომ ეს დასახლება ანტიკურ ხანაში ქალაქური ტიპის დასახლებად უნდა გადაქცეულიყო.
Bibliography:
- კახიძე ა., საქართველოს ზღვისპირეთის ანტიკური ხანის ქალაქები, თბ., 1971.
- კრებული „ფიჭვნარი“, VIII, ბათუმი, 2023, 87-116, 142-173, 206-238, 239-265 (pdf)
- ჩავლეიშვილი ი., ფიჭვნარის ძვ.წ. II-I ათასწლეულების ნამოსახლარები, ბათუმი, 2025 (pdf)
- Микеладзе Т., Хахутаишвили Д., Древнеколхидское поселение Намчедури, Тбилиси, 1985.