Ajara Archaeological Sites

ზენითის საწნახელი

📍 View on map
ზენითის საწნახელი

არქეოლოგიური ობიექტის დასახელება: ზენითის საწნახელი

არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: სამეურნეო ნაგებობა/საწნახელი  

ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – ანტიკური ხანა, ძვ. წ. III ს

მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა) – ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზენითი, 41° 49.156’N  41° 54.198’E

შესწავლის/კვლევის ისტორია (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია):

ზენითის საწნახლის პირველ აღწერას გვაძლევს ხ. ახვლედიანი, რომელიც მას „მამუკა თავდგირიძის“ საწნახლად მოიხსენიებს. დ. ხახუტაიშვილი საწნახელს ანტიკური ხანისად მიიჩნევს უფლისციხეში აღმოჩენილ საწნახლებთან მსგავსების საფუძველზე. საწნახელი მოინახულა და შეისწავლა 1956 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის ქობულეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნინო ხოშტარიას ხელმძღვანელობით. 1960 წელს საწნახელთან დაკავშირებით სადაზვერვო არქეოლოგიური გათხრები აწარმოა ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ა. რამიშვილმა.

მტირალას ეროვნულ პარკთან მომიჯნავე სოფელ ზენითის მონოლითური ქვის საწნახელი ძვ. წ. III საუკუნით თარიღდება. მას კონუსის ფორმა აქვს. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ორიენტირებული საწნახელი ბერკეტისა და წნეხის საშუალებით მუშაობდა. იგი ორი განყოფილებისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია ღია სადინარი არხითა და ხვრელით. პირველი განყოფილება, რომელიც გეგმაში სწორკუთხედს იძლევა, წარმოადგენს საკუთრივ საწნახელს, სადაც ყურძნის დაწურვა წარმოებდა, ხოლო მეორე განყოფილება, რომელიც გეგმაში კვადრატს იძლევა, წარმოადგენს ცალკე ამოკვეთილ აუზს, სადაც ყურძნის წვენი გროვდებოდა. საწნახლის ფსკერი უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე აუზის პირი, ამიტომ ყურძნის წურვის დროს ტკბილი თვითდინებით ჩადიოდა მასში. აუზი იმდენად დიდია, რომ საწნახლის წურვის დროს ტკბილის გადატანა ქვევრებში აუცილებელი არ იქნებოდა. ზენითის საწნახელის საწნახლის საერთო სიგრძე 8 მ, სიგანე – 3, ზედა ნაწილის სიღრმე 1 მეტრია. ტიხართან 0,20X0,30 მ. აუზის ზომები: სიგრძე – 1,40 მ, სიგანე – 1,20 მ, შემორჩენილი კედლების სიმაღლე – 0,28 მ.

ზენითის საწნახელს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი (2007 წ. №11602).

Bibliography:

  1. ხ. ახვლედიანი, ნარკვევი აჭარის ისტორიიდან, ბათუმი, 1944, გვ. 148
  2. ა. ბოხოჩაძე, მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით, თბილისი, 1963, 90-91 გვ. (pdf)
  3. მ. ჭიჭილეიშვილი, მეღვინეობის ტრადიციები და მარან-საწნახლები აჭარაში, ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები, IX, ბათუმი, 2022, გვ. 85-87 (pdf)
  4. ნ. ხოშტარია, ციხისძირი, თბილისი, 1952, გვ. 32-33

პასპორტის შემდგენელი: ნინო ძნელაძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი