აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

ჯანჯღნარის ნამოსახლარი

📍 რუკაზე ნახვა
ჯანჯღნარის ნამოსახლარი

არქეოლოგიური ობიექტის დასახელება: ჯანჯღნარი

არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: ნამოსახლარი

ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანა, ძვ.წ. V ათასწლეულის ბოლო – III ათასწლეულის პირველი ნახევარი.

მისამართი (ქვეყანა, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – საქართველო, ხულოს მუნიციპალიტეტი, მთა ჯანჯღნარი. GPS N 41°47.272 E 042°25.344

შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია) :

აღმოჩენის გარემოებები: 1990 წელს სოფელ ირემაძეების მკვიდრმა ალექსი ირემაძემ, საზაფხულო იალაღ ჯანჯღნარში (ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე), იაილის მშენებლობისათვის ტერიტორიის მომზადების მიზნით ჩატარებული მიწის სამუშაოების დროს იპოვა სხვადასხვა ეპოქის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების არტეფაქტები (თიხის ჭურჭელი, ძვლის სახვრეტები, ბრინჯაოს ნაკეთობა, წყალგაყვანილობის მილი და ა. შ.), რომელმაც არქეოლოგთა ყურადღება მიიპყრო.

ძეგლზე ჩატარებული კვლევები: ძეგლზე გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევები არ განხორციელებულა.  1993 წლის აგვისტო-სექტემბერში, ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ამირან კახიძის ხელმძღვანელობით ჩაატარა სადაზვერვო საველე სამუშაოები. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ შოთა მამულაძე, ანზორ ჯაველიძე. არქეოლოგთა ჯგუფმა სამუშაოების შედეგად დაადასტურა ნამოსახლარის არსებობა. აღმოჩენილი არტეფაქტები – კაჟისა და ობსიდიანის იარაღ-ანატკეცები, შურდულის ქვები, საბეგველი, სამკაულის დასატანი ქვის შტამპი, კერამიკული ნაწარმი, ბრინჯაოს დანა, თონისა და ხაროს ნაშთები – სხვადასხვა პერიოდით დაათარიღა. ყველაზე ადრეული ენეოლითის ხანას განეკუთვნება.

სადაზვერვო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის არტეფაქტების მეცნიერული შესწავლა არქეოლოგების ამირან კახიძისა და შოთა მამულაძის სახელთანაა დაკავშირებული. მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღება იმ სამეთუნეო ნაწარმს ეთმობა, რომლებიც ზოგიერთი თავისებურებებითა და თვითმყოფადობით ხასიათდება. კერძოდ, ერთ-ერთი მოზრდილი თიხის დერგისებური ჭურჭელია. იგი ტლანქად ხელითაა ნაძერწი. აქვს ბრტყელი ძირი,  არასიმეტრიული ბიკონუსური მოყვანილობის ტანი, ფართო მომაღლო ყელი, ოდნავ გარეთკენ გადაშლილი სადა პირი (ტაბ. I/1). მეორე ჭურჭელი თიხის ქილაა. სქელკედლიანი, ხელით ნაძერწი. აქვს ბრტყელი ძირი, ასიმეტრიული, ბიკონუსური მოყვანილობის ტანი. მაღალი, ფართო ცილინდრული ყელი. სადა პირი ოდნავ გარეთკენაა გადაშლილი. ზედაპირი მოპრიალებულია (ტაბ. I/2).

მკვლევართა დაკვირვებით ჯანჯღნარის კერამიკას უშუალო პარალელები არ ეძებნება ამიერკავკასიისა და მისი მოსაზღვრე რეგიონების ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის მასალებს შორის.  არ გამორიცხავენ, რომ ისინი შულავერ-შომუ-თეფესა და მტკვარ-არაქსის კულტურის განსხვავებულ სახეობას,  აღნიშნული კულტურების ახალ ლოკალურ ვარიანტს წარმოადგენდეს.

ენეოლითის ხანითაა დათარიღებული ჯანჯღნარის ნამოსახლარზე აღმოჩენილი სამი ცალი  სახვრეტი  (ტაბ. I/4). დამზადებულია წვრილფეხა ცხოველის გაპობილ ლულოვანი ძვლისაგან.  მათი მახვილი წვერი გახეხვითაა მიღებული. ტანის ზედაპირი კარგადაა გაპრიალებული.

ჯანჯღნარის აღწერილი ჭურჭლები და ძვლის სახვრეტები ძვ.წ. V ათასწლეულის ბოლო – IV ათასწლეულის პირველი ნახევარით თარიღდება. ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლო – III ათასწლეულის პირველი ნახევრითაა დათარიღებული ამავე ნამოსახლარზე აღმოჩენილი თიხის ჯამი. ღრმა ტევადობის, აქვს ბრტყელი, შედარებით ვიწრო პირი. მაღალი კონუსისებრი მოყვანილობის ტანი, პირი მომრგვალებული, ოდნავ შიგნით გადაწეული. კეცი მოყავისფრო. ზედაპირი საგულდაგულოდაა მოპრიალებული ჭურჭელი თავის დროზე ყოფილა შეკეთებული პირთან ახლოს  ორივე მხარეს გაკეთებული აქვს წყვილი სამანჭვალე ნახვრეტი (ტაბ. I/3 ).

ჯანჯღნარის ნამოსახლარზე აღმოჩენილი არტეფაქტები ინახება სსიპ აჭარის მუზეუმის ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია:

  1. კახიძე ა., მამულაძე შ., ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები აჭარის მთიანეთში. – გაზეთი ,,აჭარა”,  2 ივლისი, 1994
  2. კახიძე ა., მამულაძე შ., ჭოროხის აუზი კოლხური კულტურის უძველესი კერა, ბათუმი, 2000, გვ. 24-30 (pdf)
  3. კახიძე ა., ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის კულტურა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა (უძველესი დროიდან ახ.წ. V საუკუნემდე),  ტომი I, ბათუმი, 2007, გვ. 135-139 (pdf)
  4. კახიძე ა., სურმანიძე ნ., ნაგერვაძე მ., აჭარა ენეოლით-ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანაში (კატალოგი),  ბათუმი, 2016, გვ. 14-16 (pdf)

პასპორტის შემდგენელი: ნარგიზ სურმანიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, მეცნიერ-მუშაკი