აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

სიხალიძეების განძი

📍 რუკაზე ნახვა
სიხალიძეების განძი

არქეოლოგიური ობიექტის დასახელება: სიხალიძეების განძი

არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: განძი

   ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) –  გვიანბრინჯაოს ხანა, ძვ.წ.  XII-XI სს

მისამართი (ქვეყანა, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – საქართველო, ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. სიხალიძეები, აკავრეთას (მერისის) ხეობა, GPS 41°34’31” N, 41°59’17” E

შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია)  –

აღმოჩენის გარემოებები: სიხალიძეების განძი შემთხვევით აღმოჩნდა 1991 წელს გზის გაფართოების დროს, მდინარე აკავრეთას მარცხენა სანაპიროზე (აჭარისწყლის შენაკადი). არქეოლოგებს (ა. კახიძე, შ. მამულაძე) განძის შესახებ ცნობა მიაწოდა აჭარის სახელმწიფო მუზეუმის (ამჟამად სსიპ აჭარის მუზეუმი – ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი) ფონდების მთავარმა მცველმა ნაზი ლორთქიფანიძემ. მან კი აღმოჩენის შესახებ გაიგო სოფელ კუჭულის (მდებარეობს სიხალიძეებთან ახლოს) დაწყებითი სკოლის გამგის, მასწავლებელ რომან დევაძისაგან. რ. დევაძე ამავდროულად გახლდათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტი. აღმოჩენის ადგილის დათვალიერების მიზნით ველზე გასულ არქეოლოგებს  რ. დევაძე უწევდა მეგზურობას.  

ძეგლზე ჩატარებული კვლევები: სიხალიძეების განძი შედგება: 1) ერთი ცალი პირველი სახეობის ბრინჯაოს კოლხური ცული (ტაბ. I/2:1) აქვს ორფერდა მახვილი ყუა, წვეტიან-ოვალური მოყვანილობის სატარე ხვრელი, საკმაოდ მასიური, მაღალი, ექვსად დაწახნაგებული ტანი და გორდა ასიმეტრიული პირი; 2) ექვსი ცალი მეორე სახეობის ე.წ. ყუაკვერიანი ცული. ამათგან ორი ნაკლული. ცულებს აქვთ მაღალი ჩაქუჩისებური ყუა, წვეტიან-ოვალური მოყვანილობის სატარე ხვრელი, სწორი, მომაღლო, ექვსად დაწახნაგებული ტანი, გორდა სიმეტრიული პირი (ტაბ. I/2:2-4); 3) ბრინჯაოს სარტყელი. მოღწეულია ფრაგმენტების სახით. სადა, ფურცლოვანი. საკმაოდ ფართო. ერთ-ერთ მომრგვალებულ ბოლოზე გაკეთებული აქვს რვა სამანჭვალე ნახვრეტი (ტაბ. I/1); 4) თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მათ შორის გამოირჩევა კანელურებით, მზის სიმბოლიკასთან დაკავშირებული კონცენტრირებული წრეებითა და ჰორიზონტალური ღარებით შემკული სხვადასხვა ჭურჭლის ნატეხები.

სიხალიძეების განძის მეცნიერული შესწავლა უკავშირდება ამირან კახიძისა და შოთა მამულაძის სახელს. მკვლევართა შეხედულებით ორივე ტიპის ცული გენეტიკურად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსთანაა დაკავშირებული. კვლევებში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ყუაკვერიან ცულებზე. ამ ტიპის იარაღის გავრცელების არეალის მიხედვით მიჩნეულია, რომ ისინი ძირითადად აჭარის ტერიტორიაზეა (სოფლებში: ჩაქვის ჩაისუბანი, მარადიდი, საღორეთი, პირველი მაისი, ხიხაძირი) აღმოჩენილი. ამ რაოდენობისა კი მხოლოდ სიხალიძეების განძშია წარმოდგენილი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან ცულები სხვა რეგიონებშიც ვრცელდება (ერთეული ცალები აღმოჩენილია ადიგენის რაიონის სოფ. უდეში, ბორჯომის ხეობაში, ყარსის მიდამოებში). მკვლევართათვის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს ბრინჯაოს სარტყელი, რომელიც კავკასიურ კულტურაში ფართოდ გავრცელებული სარტყლებისაგან განსხვავებით სადაა და შედარებით ადრეული.

განძი იმ თვალსაზრისითაც იქცევს ყურადღებას, რომ იგი უკავშირდება სპილენძით მდიდარ რეგიონს. კერძოდ, აღმოჩენილია აკავრეთას (მერისის) ხეობაში, სადაც მკვლევართა შეხედულებით ხდებოდა არა მხოლოდ ნედლეულის მოპოვება-დამუშავება, არამედ სასურველი იარაღის ჩამოსხმაც. აქედან ნედლეული თუ მზა ნაწარმი გადიოდა მეზობელ რეგიონებში.

სიხალიძეების განძი ინახება სსიპ აჭარის მუზეუმის – ამირან კახიძის სახელობის არქეოლოგიურ მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია:

  1. კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარისწყლის ხეობის უძველესი არქეოლოგიური ძეგლები, ბათუმი, 1993
  2. კახიძე  ა., მამულაძე შ., ჭოროხის  აუზი  კოლხური კულტურის უძველესი კერა, ბათუმი, 2000 (pdf)
  3. კახიძე  ა., ყუაკვერიანი ცულების გენეზისის საკითხისათვის, – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, IV, ბათუმი, 2007 (pdf)
  4. კახიძე ა.,  აჭარის მთიანეთის წინაქრისტიანული ხანის ძეგლები. –  სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა (უძველესი დროიდან ახ.წ. V საუკუნემდე),  ტომი I, ბათუმი, 2007, გვ. 227-240 (pdf)
  5. კახიძე ა., სურმანიძე ნ., ნაგერვაძე მ.,  აჭარა ენეოლით-ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანაში (კატალოგი), ბათუმი, 2016, გვ.  74-76 (pdf)
  6. კახიძე  ა., მამულაძე  შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბილისი, 2016 (pdf)

პასპორტის შემდგენელი: ნარგიზ სურმანიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, მეცნიერ-მუშაკი