არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: საკულტო ნაგებობა
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – განვითარებული შუა საუკუნეები, XI-XIII სს
მისამართი (ქვეყანა, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – საქართველო, ხულოს მუნიციპალიტეტი, სხალთის ხეობა, სოფ. კალოთა 41° 31.869’N 42° 28.202’E
შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია)
სოფელ კალოთაში ეკლესიის ნაშთები (ტაბ. I/1, II) ადრიდანვე იქცევდა მნახველთა და მკვლევართა ყურადღებას. XX საუკუნის 40-50-იან წლებამდე ნაეკლესიარი საკმაოდ კარგად ყოფილა შემონახული. XXI საუკუნის დასაწყისში კი ნაწილობრივ შემორჩენილი იყო პერანგშემოცლილი აღმოსავლეთი კედელი, თაღოვანი გადახურვის ნაწილით, დანარჩენი თითქმის საძირკვლის დონემდე იყო მორღვეული.
ნაეკლესიარზე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1988-1990 წლებში. ძეგლს იკვლევდა შოთა მამულაძე. კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ თავის დროზე კალოთის ეკლესია შესანიშნავად დამუშავებული და ალაგ-ალაგ ჩუქურთმებით შემკული თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული. ხუროთმოძღვრული კომპლექსის გათხრებისას ჩნდებოდა ორნამენტირებული ქვებისა და კარნიზის ნატეხები. ერთ-ერთ მათგანზე წარწერაც იყო დაცული.
ეკლესია წარმოადგენს გეგმაში მოგრძო დარბაზული ტიპის ნაგებობას, რომელსაც აღმოსავლეთის მხარეს აქვს ნახევარწრიული აფსიდა. აფსიდის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში დატანებულია მართკუთხა მოყვანილობის თახჩები. აფსიდის საკურთხევლის მონაკვეთი შემაღლებულია და დარბაზისაგან გამოიყოფა ვერტიკალურად, ერთმანეთის გვერდით მიდგმული, საკმაოდ კარგად დამუშავებული ქვის ფილებით. საკურთხევლისა და დარბაზის იატაკი 15-20 სმ სისქის დუღაბით იყო დაფარული. ნაგებობის შემორჩენილი ნაწილის მიხედვით ჩანს, რომ კედლებს დატანებული ჰქონდა პილასტრები.
ეკლესიის აღმოსავლეთითა და სამხრეთით, ეზოში გამართული იყო ინდივიდუალური და კოლექტიური ორმოსამარხები (ტაბ. II). კოლექტიურ სამარხში ხშირად 10-ზე მეტი მიცვალებულია დაკრძალული. ჭირისუფალი ახლადგარდაცვლილის დასაკრძალავად ადრინდელი მიცვალებულის ძვლებს ერთად აგროვებდა და სამარხის კუთხეში ტოვებდა. ორმოსამარხების გარდა გვხვდება რამდენიმე ქვის სამარხიც (ტაბ. I/2). ზოგიერთ მიცვალებულს პირზე დერგის ან დოქის ნატეხი ჰქონდა დაფარებული. ხშირი ყოფილა ბავშვთა სიკვდილიანობა.
კალოთაში აღმოჩენილ მცირერიცხოვან კერამიკულ მასალაში წამყვან ადგილს იკავებს სასმისები, მათი ერთი ნაწილი შემკულია. გვხვდება ჰორიზონტალურად განლაგებული წრიული ზოლები, ბადისებური ორნამენტი. სასმისების გარდა აღმოჩენილია ჯამები.
კალოთის ეკლესია ძეგლის მხატვრულ-სტილისტური მონაცემებით, არქეოლოგიური მასალისა და ეპიგრაფიკული წარწერის მიხედვითაა დათარიღებული XI-XIII საუკუნეებით. სამაროვანზე კი გვხვდება XIV-XVI სს-ის სამარხებიც.
ნაეკლესიარზე აღმოჩენილი არტეფაქტები დაცულია სსიპ აჭარის მუზეუმის ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმში.
ბიბლიოგრაფია:
- მამულაძე შ., აჭარისწყლის ხეობის შუასაუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები, ბათუმი, 1993.
- მამულაძე შ., კალოთის ეკლესია და მისი სამაროვანი. – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, IV, ბათუმი, 2007, გვ. 78-92 (pdf)
- კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბილისი, 2016 (pdf)