აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

ავგიას ეკლესია

📍 რუკაზე ნახვა
ავგიას ეკლესია

არქეოლოგიური ძეგლის პასპორტი

არქეოლოგიური ობიექტის დასახელება: ავგიის ნაეკლესიარი

             არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: საკულტო ნაგებობა, ეკლესია

ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი)  –  ახ.წ. V-VI სს

მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა) – ქ ბათუმი, ახალსოფლის დასახლება,  ავგიის ქ. N 50, 41˚34”451” N 41˚35’304′ E

შესწავლის/კვლევის ისტორია (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია):

აღმოჩენის გარემოებები. 2015 წელს ქ. ბათუმის გარეუბან ახალსოფელში (ავგიის ქ.  50) ადგილობრივი მკვიდრის თამაზ შარაძის საკარმიდამო ნაკვეთში შემთხვევით აღმოჩნდა ბიზანტიური პერიოდის კრამიტისა და აგურის ფრაგმენტები, რომელიც ნაკვეთის მეპატრონემ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოიტანა. სააგენტომ  აღმოჩენის ადგილის დასათვალიერებლად ადგილზე მიავლინა სპეციალისტთა ჯგუფი (ამირან კახიძე, შოთა მამულაძე, კახაბერ ქამადაძე). ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენის ადგილზე ზედაპირულად დაფიქსირდა ქვის წყობის ნაშთები. ადგილობრივთა მონათხრობით, აქ იდგა შენობა, რომელიც XX ს-ის II ნახევრამდე საკმაოდ კარგად იყო დაცული. მოგვიანებით იგი დაუნგრევიათ და მისი ქვები სხვადასხვა სამშენებლო საქმიანობისათვის გამოუყენებიათ. ძეგლის რაობის გასარკვევად იმავე წელს დაიგეგმა აღმოჩენის ადგილზე არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.

შესწავლის/კვლევის ისტორია. ივნისის თვეში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით აღმოჩენის ადგილზე არქეოლოგიური ექსპედიცია  განხორციელდა (ექსპედიციის ხელმძღვანელი: შოთა მამულაძე; წევრები: არქეოლოგი კახაბერ ქამადაძე, მხატვარ-არქიტექტორი გიორგი დუმბაძე, მძღოლი ნოდარ დევაძე). ორკვირიანი სადაზვერვო არქეოლოგიური გათხრების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ზომის ბაზილიკა, რომელიც მშენებლობის ტექნიკით, გეგმარებით და არქეოლოგიური მასალების მიხედვით ადრებიზანტიური პერიოდის საეკლესიო ნაგებობას წარმოადგენდა.

ძეგლზე ჩატარებული კვლევები: არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა ტრანსეპტიანი დარბაზი (ტაბ. I-II), რომლის საწყისი გეომეტრიული სქემა ე.წ. ვნების ჯვარია (crux immissa), მას ,,ლათინურ ჯვარსაც“ და ,,გრძელ ჯვარსაც“ (crux immissa oblonga) უწოდებენ. ტრანსეპტიანი დარბაზების გავრცელების არეალი ადრე შუასაუკუნეებში საკმაოდ ფართე იყო. იგი ბიზანტიის იმპერიის პერიფერიებში თითქმის ყველგან გვხვდება და მისი ორი სახეობა იყო ცნობილი: უგუმბათო და გუმბათიანი. ავგიის ნაეკლესიარი უგუმბათო ბაზილიკის ტიპს განეკუთვნება. მსგავსი გეგმარების მქონე ნაგებობა ცნობილია აფხაზეთიდან და იგი ზოგადად ადრე შუასაუკუნეებით არის დათარიღებული. დაახლოებით ასევე თარიღდება ამავე ტიპის ეკლესია ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთშიც.

ავგიის ნაეკლესიარი ამ ტიპის საკულტო ნაგებობებისაგან განსხვავდება ერთი დეტალით – ნართექსით. იგი მოგვიანო მინაშენს არ წარმოადგენს  და თავიდანვე ეკლესიასთან ერთადაა აგებული.ნართექსი დარბაზისაგან 70 სმ-ის სიგანის ტიხრითაა გამოყოფილი. მისი კარის ღიობი დარბაზის კარს უსწორდება. დასავლეთის მხრიდან ნაგებობას აქვს კვადრატული მინაშენი. იგი გვიან ,,მიდგმულს“ ჰგავს, თუმცა ძირითად სტრუქტურასა და მინაშენს შორის დიდი ქრონოლოგიური მონაკვეთი არ შეინიშნება. მისი კედლები მხოლოდ 60 სმ-ის სიგანისაა და  ძირითად ნავთან შედარებით რამდენამდე დაბალია. შემორჩენილია მხოლოდ უკიდურესი ქვედა სტრუქტურა. კარის ღიობის ადგილი არ იკითხება. ეს როგორც ჩანს, კარიბჭეა – ესონართექსის ,,რეპლიკა“, მასზე დაკვირვებით ჩანს, რომ იგი მშენებლობის დასრულებამდე განადგურებულა.

 ნაგებობის კედლები ზოგიერთ ადგილას 2 მ სიმაღლემდეა შემორჩენილი (ტაბ.I-II). იგი ნაგლეჯი, დაუმუშავებელი ქვითაა ნაგები კირხსნარის (კერამიკული ფხვნილის, კენჭებისა და ღორღის ჭარბი მინარევით) გამოყენებით. რიგები რეგულარულია. საკვანძო ადგილებში წყობა ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებითაა შეკრული და განმტკიცებული (ე.წ. ,,opus incertum“). სხვადასხვაგვარია აბსიდის წყობა. აქ საგანგებოდ შერჩეული, შედარებით მომცრო, გარე ასახულობაში კვადრატული და თანაბარი ზომის ქვებია გამოყენებული (ე.წ ,,opus quadratum“). კარის ღიობები ყველგან ერთი და იგივე სიგანისაა – 1,5 მ. საინტერესოა, რომ ჩრდილოეთისა და სამხრეთის სათავსოთა კარის ღიობები ერთმანეთს საგანგებოდაა აცილებული. სამხრეთის აღმოსავლეთის მონაკვეთშია გაჭრილი. ჩრდილოეთისა კი დასავლეთით. ეკლესიაში იატაკებიც სხვადასხვა დონეზეა გამართული. მათ შორის განსხვავება დაახლოებით 20 სმ-ია და ღიობთა წინ ქვის ფილებით ერთხარისხიანი დაბალი საფეხურებითაა გამართული. იატაკი, როგორც ძირითად ასევე გადამკვეთ ნავში, გამართული იყო კირხსნარისა და კერამიკული ფხვნილის ნაერთით (ე.წ.,,opus signinum“). ერთ ადგილას ჩანდა, რომ თითქოსდა ინტერიერის კედლებიც ასეთივე ხსნარით იყო შელესილი, რაც სავსებით ბუნებრივია. ეკლესიის შვერილი აბსიდა მკვეთრად გამოხატული ნალისებრი მოყვანილობისაა და ასეთსავე სქემაზე დაფუძნებული კაბადოკიური ადრექრისტიანული ეკლესიების აბსიდების მსგავსია. ტაძრის საერთო სიგრძე 23.7 მ, ხოლო სიგანე (ტრანსეპტის მკლავების საერთო სიგრძე) – 19.2 მ.

ნაგებობა გადახურული ყოფილახის კონსტრუქციებზე დალაგებული ბრტყელი და ღარიანი კრამიტებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გადახურვის ეს ხერხი ძალზედ იშვიათია. ავგიის ეკლესიის მსგავსი გადახურვა ჯერჯერობით ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, ჭაბუკაურისა და დოლოჭოპის უბანში შესწავლილ სამნავიან ბაზილიკებს ახასიათებს. გადახურვის ეს მეთოდი ნასაზრდოები ჩანს უშუალოდ IV-V სს-ის რომაულ-ბიზანტიური სამყაროდან: რომის იმპერიის ცენტრალურ და აღმოსავლეთის ქრისტიანულ პროვინციებში უძველესი ბაზილიკების სახურავები, როგორც წესი, ხის მზიდ კონსტრუქციებს ეყრდნობოდა.

არქეოლოგიური მასალა. ავგიის ნაეკლესიარის განათხარი მასალა ძირითადად წარმოდგენილია სამშენებლო კერამიკის-კრამიტების, აგურებისა და იატაკის ფილების სახით. მცირე რაოდენობით გვხვდება ქოთნების, ქვაბ-ქოთნების, დოქების, ამფორების პირ-კედლისა და ძირის ნატეხები, ასევე მინის, ბრინჯაოსა და ლითონის  ნაწარმი. საკუთხეველში, აბსიდის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა სამი რკინის ჯვარიც. ყველა მათგანი პარალელური მასალების მიხედვით კარგად თარიღდება V-VI სს-ით (ტაბ.III).

სამშენებლო კერამიკაში მასალათა უმრავლესობას სოლენის ტიპის კრამიტები წარმოადგენს. ახასიათებთ იასამნისფერი ნარინჯისფერი ან ყავისფერი კეცი და დაბალი აწეული გვერდი. მცირე რაოდენობით გვხვდება ღარიანი კრამიტის ნატეხებიც. მათი უმეტესი ნაწილი სამხრეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-სახელოსნო და სატრანზიტო ცენტრში – ქ. სინოპშია დამზადებული. ამ ქალაქთან  ძველ კოლხეთს  ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მოყოლებული ჰქონდა მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. როგორც არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობენ, ეს კონტაქტები  ადრე შუასაუკუნეებშიც გრძელდება.

სამშენებლო კერამიკის შემდეგ ჯგუფს იატაკის ფილები ქმნიან. ყველა მათგანი ყავისფერკეციანია მართკუთხა ფორმის. ერთ-ერთზე შემორჩენილია ცხოველის ნაფეხურები. ხოლო ორი ფილის. ერთი ბოლო მართკუთხა სამკუთხედისებრადაა წაკვეთილი.

სამეურნეო კერამიკიდან აღსანიშნავია სხვადასხვა ყავისფერკეციანი ქვევრისკედლის ნატეხები. მათი ზედაპირი რელიეფური ქედებითაა შემკული.

რამოდენიმე ნატეხითაა წარმოდგენილი დერგებიც.აქვთ ბრტყელი გარეთ გადაშლილი, განატეხში სამკუთხა ან ოთკუთხა მოყვანილობის ბაკო, დაბალი ყელი და სწორი ტანი. ერთ-ერთ მათგანზე დატანილია სამი ამოღარული ჯვარი.

შედარებით მრავალრიცხოვანიაქოთნები.წარმოდგენილია პირის, კედლისა და ყურის ნატეხებით. ახასიათებთ ბრტყელი ოდნავ გარეთ გადაშლილი ბაკო, დაბალი ყელი, მომრგვალებული ტანი და ბრტყელგანივკვეთიანი ყურები.

მცირე რაოდენობით გვხვდება დოქებიც აქვთ ბრტყელი ძირი. კეცის შეფერილობის მიხედვით გამოიყოფა ორი ვარიანტი: ა) მოვარდისფრო-ნარინჯი­სფერკეციანი და ბ) ყავისფერკეციანი ნიმუშები. 

 ტაფისებრია ერთ-ერთი ჭურჭლის პირ-კედლის ნატეხი. ახასიათებს ყავისფერი კეცი, არაპროპორციული პირი და მომრგვალებული ტანი.

შემდეგ ჯგუფს  სამეურნეო-სატრანზიტო დანიშნულების ჭურჭელი-ამფორები ქმნიან. პირ-ყელისა და ყურის ნატეხებითაა წარმოდგენილი ადგილობრივი კოლხური წელშეზნექილი ამფორები. გვხვდება სხვადასხვა ნარინჯისფერკეციანი ტანდაღარული  ამფორების პირ-ყელისა და ყურის ნატეხებიც.

მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი მინის ნაწარმი. მთლიანადაა დაცული ერთ-ერთი სასმისის ძირი. ახასიათებს ლურჯი შეფერილობის თხელი კედელი და კონუსურად შეზნექილი ძირი. როგორც ცნობილია, ამ ტიპის ჭურჭელს ორმაგი დანიშნულება ჰქონდა. მათ მოიხმარდნენ როგორც სასმისს ან როგორც ლამპარს.  ავგიის სასმისი თანხმლები მასალების მიხედვით V ს-ით თარიღდება.

ლამპრის უნდა იყოს ჭურჭლის ყურის ერთი ნატეხი. მინის ლამპრები საკმაოდ პოპულარული იყო ადრექრისტიანულ ეპოქაში. ავგიის ლამპრის ყური თესალონიკის მუზეუმში  დაცული ზუსტი ანალოგის მიხედვით კარგად თარიღდება V ს-ით. V-VII საუკუნეებში მინის ლამპრები ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.  

მინის ნაწარმს განეკუთვნება ასევე, მრგვალი, ზედაპირდაბრტყელებული, მომწვანო-მოყვითალო შეფერილობის გემა და სხვადასხვა ჯვრის 2 თვალი. ერთ-ერთი მათგანი ზურმუხტისფერია, მართკუთხა ფორმის, კიდეებმომრგვალებული, ხოლო მეორე მწვანე, ბოლოებგაფართოებული.

ეკლესიის შიდა სივრცეში აღმოჩნდა 3 რკინის ჯვარიც.სამივე მათგანი დაზიანებულია. შედარებით კარგადაა შემონახული ერთ-ერთი ჯვარი. მისი სამივე მკლავი ცენტრიდან თანაბრადაა დაშორებული, ხოლო მეოთხე-ქვედა მკლავი დაგრძელებულია, მკლავების დაბოლოებები არ იკითხება.

ამგვარად, ავგიის ტაძარი არქტიტექტონიკით, სამშენებლო ხელოვნებით და არქეოლოგიური მასალების მიხედვით V-VI სს-ით უნდა თარიღდება.

ბიბლიოგრაფია:

  1. შოთა მამულაძე, გურამ ყიფიანი, კახაბერ ქამადაძე, ავგიის ნაეკლესიარი, კადმოსი – ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი, 10.2018. თბილისი. გვ. 123-15 (pdf)
  2. Shota Mamuladze, Kakhaber Kamadadze, Emzar Kakhidze, Avgia Church, Światowit LIX. Warsaw, pp. 177-188 (pdf)
  • შოთა მამულაძე, კახაბერ ქამადაძე, გურამ ყიფიანი, ავგიის ნაეკლესიარი// გონიო-აფსაროსი XI, ბათუმი. გვ. 156-175  (pdf)

პასპორტის შემდგენელი: კახაბერ ქამადაძე, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.