Ajara Archaeological Sites

ხუცუბნის სამაროვანი

📍 View on map
ხუცუბნის სამაროვანი

არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: სამაროვანი  

ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა, ძვ.წ. VIII-VII საუკუნეები

მისამართი (ქვეყანა, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა) –  საქართველო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, კინტრიშის ხეობა, სოფ. ხუცუბანი.  GPS კოორდინატები: N 41˚ 48.057 E 041˚51.168

History of study/research (circumstances of discovery, studies conducted on the monument, researchers working on the monument, bibliography): 

სოფელ ხუცუბანში გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლების შესახებ ცნობა ჯერ კიდევ 1879 წელს გაჩნდა, როდესაც ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ გულო აღა კაიკაციშვილმა მდ. კინტრიშზე (ხუცუბანსა და ქობულეთს შორის) სამხედრო ხიდის მშენებლობის დროს შემთხვევით იპოვა ბრინჯაოს ცულები და ერთი ცალი გაზეთ ,,დროების” რედაქტორს სერგი მესხს გადასცა. 1881 წელს არქეოლოგთა მეხუთე ყრილობაზე წარდგენილ მოხსენებებში გ. წერეთელი და ა. კომაროვი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამ აღმოჩენების შესახებ. ა. კომაროვის წერილიდან ვგებულობთ, რომ ხუცუბანში გულო აღა კაიკაციშვილს 1881 წლის შემოდგომაზე მდინარე კინტრიშის ნაპირას ჩამოშლილ მიწაში კვლავ უპოვია არაერთი საინტერესო არტეფაქტი, ხოლო შემდეგ მისი თხოვნითა და დაფინანსებით არქეოლოგიური სამუშაოებიც უწარმოებია. 1880 წელს ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები ფრანგ ჟურნალისტს ჟან მურიესაც ჩაუტარებია და ერთი ბრინჯაოს ცულიც  უპოვია.

ხუცუბნის აღმოჩენებმა XIX საუკუნის 90-იან წლებში გრიგოლ გურიელისა და ექვთიმე თაყაიშვილის ყურადღებაც მიიპყრო. 1896 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გულო კაიკაციშვილის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები. გამოიკვეთა ნახანძრალი შრე ქვის იარაღების, რკინისა თუ ბრინჯაოს შუბისპირის ფრაგმენტებისა და კერამიკული მასალით.

XIX საუკუნის 80-90-იან წლებში აღმოჩენილი მასალის (ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ფიბულები, სარტყლის ფრაგმენტები, სამაჯურები, ბრინჯაოს ჭურჭლის ნიმუშები, ბრინჯაოს ლომის ფიგურა, ბრინჯაოს ბალთები, მათ შორის, ცხენის თავის გამოსახულებით, სხვადასხვა მასალისა და ფორმის მძივები, კერამიკული ნაკეთობანი) ადგილსამყოფელი დღემდე დაუდგენელია.

1944 წელს ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ავთანდილ იოსელიანმა. დადასტურდა გვიანბრინჯაო – ადრერკინის ხანის სამაროვანი. აღმოჩნდა 8 ორმოსამარხი, რომლებიც მდ. კინტრიშისა და ურიის ღელის შესართავთან ერთმანეთის გვერდიგვერდაა განლაგებული. ესაა ინდივიდუალური, ოთხკუთხა მოყვანილობის  კუთხეებმომრგვალებული ორმოსამარხები. მათ თავზე მოწყობილი ქვაყრილის ზომები სამარხი ორმოს ზომებს ორჯერ აღემატება (მაგ. სამარხი №1 სიგრძე 1,50 მ-ია, ხოლო ქვაყრილისა – 3,70 მ).

ხუცუბნის სამარხების ფორმა-მოყვანილობას ყურადღება მიაქცია არქეოლოგმა ნ. გობეჯიშვილმა. მკვლევრის შეხედულებით ხუცუბნის ორმოსამარხები კონსტრუქციის მიხედვით ყველაზე ახლოს დგას თლიის, ერგეტა I, ყუმუშის, ნესტეროვსკაიას და მუჟიჩის სამარხებთან.

ხუცუბანში, არც ერთ სამარხში, მიცვალებულის ძვლები არ აღმოჩენილა. ორმოებში დაფიქსირებული  ნაცრისა და ნახშირის დიდი რაოდენობა კრემაციის წესის არსებობას ადასტურებს. ფიქრობენ, რომ მიცვალებულები სამარხებში თანხლებ ნივთებთან ერთად ზურგზე, გაშოტილ პოზაში დაწვეს.

1944 წელს გათხრების შედეგად აღმოჩნდა მცირე რაოდენობის კერამიკა, მათგან შედარებით უკეთესადაა დაცული კონუსურძირიანი სასმისი. ბრინჯაოს ნაკეთობებიდან წარმოდგენილია პირველი ტიპის კოლხური ცულები, ცალფრთიანი ყუაკვერიანი ცული,  მინიატურილი ცული, ხატისუღლები, უმბონი, სარტყლის ორნამენტირებული ფრაგმენტები, რკინის ნაკეთობებიდან შემორჩენილია სატევრის პირისა და სატარის მცირე მონაკვეთი. კარგადაა დაცული სარდიონისა და გიშრის მძივები.

ხუცუბნის სამაროვანზე აღმოჩენილი სამარხეული მასალის ნაწილი ინახება აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში.

Bibliography:

  1. გობეჯიშვილი ნ., კოლხური და ყობანური კულტურების ურთიერთმიმართების საკითხი სამარხ-კონსტუქციათა და დაკრძალვის წესის მიხედვით, 2014 (pdf)
  2. იოსელიანი ა., ნარკვევები კოლხეთის ისტორიიდან, თბილისი, 1973 (pdf)
  3. მამულაძე შ., პირველი დაზვერვითი და არქეოლოგიური სამუშაოები აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების პირველ პერიოდში. – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველო სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მასალები, გამომცემლობა ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”, ბათუმი, 2009, გვ.155-162 http://www.archives-ajara.gov.ge/text_files/en_file_170_1.pdf
  4. რამიშვილი ალ., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1974

5.       სურმანიძე ნ., ძნელაძე ნ., თურმანიძე მ.,რკინის ხანის სამაროვნები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან. – მუზეუმი და გლობალიზაცია, III, ბათუმი, 2023.   DOI: https://doi.org/10.52340/gmg2023.01.014