არქეოლოგიური ობიექტის დასახელება: დანდალოს შუასაუკუნეების ქვის თაღოვანი ხიდი
არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: ხიდი
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – ახ.წ. XI-XIII სს
მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი დანდალო, 41.646658/42.107911
შესწავლის/კვლევის ისტორია (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია):
შესწავლის/კვლევის ისტორია: ხიდი მდებარეობს ქედის რაიონში, სოფ. დანდალოს ტერიტორიაზე, მდ. აჭარისწყლის ხეობაში, ზემო და ქვემო აჭარის საზღვარზე; ცენტრალური ტრასისა და სოფ. დანდალოს შორის, მდინარის ყველაზე ვიწრო ადგილას (ტაბ. I). დანდალოს ხიდი თხელი თაღით, დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. ფართო ხიდი ნაშენია ვულკანური წარმოშობის კლდის თლილი ქვით დუღაბზე. ხიდის სავალი ნაწილი დაფარულია უსწორო ქვებით. ბურჯები კლდეზეა აღმართული. თითოეულ ბურჯზე ფოსოების ორი რიგია, თითო რიგში-სამი ბუდე. მარცხენა ბურჯზე ზედა სამი ფოსო ამოშენებულია. ფოსოების ორი რიგი ცხადყოფს, რომ ხარაჩოები ორ რიგად ყოფილა დალაგებული. ბურჯები ზემოთკენ ფართოვდება. მარჯვენა ბურჯი კლდეზეა დაშენებული, ხოლო მარცხენა – წყალშია შეჭრილი. საუკუნეების მანძილზე ხიდის გამაგრებისა თუ შეკეთების მიზნით, ზედაპირზე დამატებულია ქვის წყობის ორი რიგი, რომელიც სრულიად განსხვავდება პირვანდელისაგან ზომით, ფორმითა თუ წყობის ხასიათით და უცვლის ხიდს პირვანდელ სახეს, ამძიმებს კონსტრუქციებს. ხიდი მსუბუქი თაღით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. გეგმის თავისებურების გამო (ლათინური ასო S-ის ფორმისა) ამგვარი ხიდების აშენება სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით, რთულია, რადგან დატვირთვები არათანაბრად ნაწილდება. ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 35,9 მ, სიგანე შუაწელზე – 2,7 მ, ნაპირებზე ბურჯებთან – 3,6 მ; ხიდის სიგრძე ჰორიზონტალურად ბურჯიდან ბურჯამდე – 21, 7 მ; სიმაღლე წყლის დონიდან თაღის ,,კეხამდე“ – 8,5 მ სიმაღლე წყლის დონიდან თაღამდე – 7,6 მ.
კლასიფიკაცია. აჭარაში, ქვის თაღოვანი ხიდების რაოდენობა ბოლო დრომდე ზუსტად ცნობილი არ იყო. სხვადასხვა ავტორი ხიდების განსხვავებულ რიცხვს ასახელებს. დღეისათვის აჭარაში სულ 35-მდე ხიდია ფიქსირებული. მათი დიდი ნაწილი დანგრეულია, თხუთმეტამდე ხიდი კი, შედარებით კარგადაა დაცული. ისინი ძირითადად ძველ სავაჭრო-საქარავნო გზებზეა განლაგებული და ერთმანეთთან აკავშირებდა როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ძველ გზებს.
ქვის თაღოვანი ხიდების დიდი ნაწილი აჭარის, ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ჭანეთ-ლაზეთის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული. აქ არსებული ხიდების მშენებლობის ხელოვნება და არქიტექტონიკა თითქმის ერთნაირია. ისინი ძირითადად სამ ჯგუფად კლასიფიცირდება:
- გეომეტრიულ საფუძველზე (წრეზე) დაფუძნებული ერთცენტრიანი ხიდები
- ორმაგ, ჰორიზონტალურ ბაქანზე ამოყვანილი ოთხცენტრიანი ხიდები
- წრეზე დაფუძნებული ქვის თაღოვანი მრავალმალიანი ხიდები.
დანდალოს ხიდი ოთხცენტრიანი ხიდების საუკეთესო ნიმუშია აჭარაში. ხიდის კონსტრუქცია ორ განსხვავებულ რადიუსს ეფუძნება, რომლის დროსაც ორ ჰორიზონტალურ სამშენებლო ბაქანს თხოულობს, რაც დასტურდება კიდეც. მსგავსი კონსტრუქციის ხიდები მცირეა შავშეთ-კლარჯეთში, შედარებით მეტია ზღვისპირა ჭანეთ-ლაზეთში.
ბიბლიოგრაფია:
- ვარშანიძე შ., გზები და საგზაო ნაგებობანი ძველ აჭარაში, ბათუმი, 1979
- მამულაძე შ., აჭარისწყლის ხეობის შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები, ბათუმი, 1993
- მამულაძე შ., გზები, საგზაო და საფორტიფიკაციო ნაგებობანი, კრებულში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა II, ბათუმი, 2009 (pdf)
- კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბილისი 2016 (pdf)
- მამულაძე შ., ქვის თაღოვანი ხიდები აჭარაში, ბათუმი 2023
პასპორტის შემდგენელი: კახაბერ ქამადაძე, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.