აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

ბულულას სადგომი

📍 რუკაზე ნახვა
ბულულას სადგომი

არქეოლოგიური ობიექტის დასახელება: ბულულას სადგომი

არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: სადგომი

ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი)  – პალეოლითი, ძვ. წ. 300-200 000 წელი

მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები:) –

ხულო, ბეშუმი, ბულულას სერი; N 41 37 02.4 E 042 33 19.2 (41° 38.824’N  42° 31.775’E)

შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები)  –

აჭარისის რეგიონში დღემდე ჯერჯერობით ერთადერთი ძველი ქვის ხანის ძეგლია აღმოჩენილი, რომელიც 2002 წელს პროფ. გურამ გრიგოლიამ გამოავლინა. სადაზვერვო სამუშაოების შედეგად, არსიანის ქედის გავაკებულ თხემზე, ხულოს რაიონის საზაფხულო საძოვრებზე (სიმაღლე 2000-2200 მ), ბეშუმთან ახლოს, ბულულას ტერიტორიაზე მის მიერ შეგროვებულ იქნა ქვედა პალეოლითის დროინდელი მეტად საინტერესო არტეფაქტები (ტაბ. I). მათ რიცხვს განეკუთვნება ნუკლეუსები, რეტუშირებული საჩეხი იარაღი და სახოკი, ლევალუზიური ანატკეცი, დაკბილულპირიანი ზურგიანი დანა და ა.შ. სათანადო პარალელების მიხედვით, ძეგლი აშელის ხანის მეორე ნახევრითაა დათარიღებული, რომელიც ძვ.წ. 300-200 ათასი წლის ქრონოლოგიურ ჩარჩოებში ჯდება.

პროფესორ გურამ გრიგოლიას აზრით, ბულულას სერზე აღმოჩენილი იარაღ-ანატკეცები პრეისტორიელ მონადირეებს ეკუთვნოდათ, რომლებიც სეზონურად სტუმრობდნენ მაღალმთიან ზონას.

აღმოჩენილი მასალა დაცულია სსიპ აჭარის მუზეუმის ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის ფონდებში.

ბიბლიოგრაფია:

გრიგოლია გ., 2002. პირველყოფილი ადამიანის უძველესი ნაკვალევი აჭარაში, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, II, ბათუმი, გვ. 5-10 (pdf)

პასპორტის შემდგენელი: გურამ ჩხატარაშვილი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი