არქეოლოგიური ობიექტის დასახელება: ხიხანის შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობა
არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: ციხე
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა,ზუსტი თარიღი) – ახ.წ. XI-XIII სს
მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა) – ხულოს მუნიციპალიტეტი, არსიანის ქედი, სხალთისწყლის ხეობა,GPS კორდინატები: X 0296895; Y 4601756
შესწავლის/კვლევის ისტორია (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია):
შესწავლის/კვლევის ისტორია. ხიხანის ციხემ თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან და ისტორიიდან გამომდინარე ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან მიიპყრო მკვლევართა ყურადღება (სურ. 1 – სურ. 4). ციხის შესახებ პირველი მოკლე და ზოგადი აღწერა გიორგი ყაზბეგს ეკუთვნის. იგი მიუთითებდა ციხეზე ასასვლელი რთული ბილიკის, აგრეთვე ციხის ტერიტორიაზე არსებული ოთხი კოშკის, ხუთი ნაგებობისა და ქვით ამოშენებული წყლის აუზის შესახებ. მასვე ჩაუწერია მოსახლეობაში შემორჩენილი ლეგენდა, თითქოსდა ციხის აგება თამარ მეფეს უკავშირდება. ციხე 1894 წელს მოინახულა კავკასიის სიძველეთა მკვლევარმა პრასკოვია უვაროვამ. უვაროვაც გიორგი ყაზბეგის მსგავსად ყურადღებას ამახვილებს გადმოცემაზე, რომლის თანახმადაც ციხე თამარ მეფის მიერაა აგებული. ხიხანის ციხის შესახებ საინტერესო ცნობები მოეპოვება თედო სახოკიას, რომელმაც იგი 1896 წელს მოინახულა. მკლევარი დეტალურად აღწერს ციხის ადგილმდებარეობას, მიუთითებს მის განმარტოებულ, წოწოლა კლდეზე მდებარეობაზე. არსებულ ხრამებზე, რომლებიც ციხეს უფრო მიუვალს ხდიდა. საუბრობს გარშემოვლებული ქვითკირის გალავანზე, რომელსაც ჩრდილოეთიდან ნიადაგი გამოეცალა და ჩამოიქცა. გალავანის სარკმლებზე. თედო სახოკია ამ ყველაფერთან ერთად ასახელებს ხუთ კოშკს და ციხის შიგნით არსებულ ნახევრად დანგრეულ ეკლესიას. თ. სახოკიას ყაზბეგის მსგავსად ჩაუწერია მოსახლეობაში არსებული ლეგენდა, რომლის თანახმადაც ციხე თამარ მეფეს აუგია. მკლევარი აგრეთვე თავის ნაშრომში საუბრობს 1815 წლის ამბებზე, როდესაც სელიმ ხიმშიაშვილი განუდგა სულთანს და ამის გამო ის სიკვდილით დასაჯეს. ციხის შესახებ ცნობები შემონახული აქვს ზ. ჭიჭინაძესაც. მისი ცნობით მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების ბრძანებით ხიხანის ციხეზე ძველი ნივთების პოვნის მიზნით ,,არქეოლოგიური გათხრები“ უწარმოებიათ, თუმცა ვერაფერი უპოვიათ. შემდეგი მკვლევარი ვინც ხიხანის ციხეს შეეხო ხარიტონ ახვლედიანი იყო. ავტორის მოსაზრებით ციხე XIII ს-ის შემდეგ პერიოდშია აგებული და მის მშენებლობაში აგურიც უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რაც მოგვიანებით ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა არ დაადასტურა. დღევანდელი კვლევის საფუძველზე არ დგინდება, რომ კოშკების, ზღუდისა, თუ ცალკეული ნაგებობების კედლებში აგური იყო გამოყენებული. ხიხანის ციხის საკითხებს შეეხო შოთა მამულაძე, მან პირველმა აზომა ციხის ცალკეული ნაგებობები – ეკლესია, მარანი, გალავანი და კოშკები. სიღრმისეულად გაანალიზა ცნობები ეკლესიის დათარიღებასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, განსაზღვრა ხიხანის ციხის, როგორც სტრატეგიული პუნქტის მნიშვნელობა აჭარისწყლის აუზის თავდაცვის სისტემაში. ამასთან ერთად მკვლევარი ციხეს ქალაქად მოიხსენიებდა. თუმცა მას ქალაქისათვის დამახასიათებელი ელემენტები არ გააჩნია და არც წერილობითი წყაროები მიუთითებს მის ციხე-ქალაქობას.
ძეგლზე ჩატარებული კვლევები: ხიხანის ციხის სრულფასოვანი არქეოლოგიური შესწავლა, მხოლოდ XXI ს განხორციელდა. ციხის ტერიტორიაზე 2013-2017 წლებში არქეოლოგიური სამუშაოები დ. მინდორაშვილმა ჩაატარა (ექსპედიციის წევრები კ. ქამადაძე, გ. ჩხატარაშვილი). ექსპედიციამ შეისწავლა განვითარებული შუასაუკუნეების დროინდელი ციხის ეკლესია, ორი დიდი მარანი, კოშკები და თონე, ასევე გვიანდელი შუა საუკუნეების. ბუხრიანი შენობები (სურ. 1 – სურ. 4). გათხრებისას გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური მასალაც. ციხის თანადროული ნაგებობებიდან გაითხარა სასახლე (სურ. 5). გაირკვა, რომ იგი ერთსართულიანი ყოფილა. ჰქონდა ორი კარი. სასახლის იატაკი მთლიანად კირხსნარის 2 სმ სისქის ფენით ყოფილა დაფარული. კირხსნარითვე უნდა ყოფილიყო შელესილი სასახლის ინტერიერი. ჩრდილო-დასავლთ კუთხეში აღმოჩნდა კვადრატული გეგმის შემაღლება – ტახტი. გვიანდელ შუასაუკუნეებში ნაგებობის ინტერიერში ახალი შენობაც გაუმართავთ. წერილობითი წყაროების მონაცემების გათვალისწინებით, სასახლე თუ უფრო ადრე არა, XI ს-ში მაინც უკვე აგებული ჩანს.
ციხის ტერიტორიაზე გაითხარა საეკლესიო ნაგებობაც (სურ. 6). აღმოჩენილი ნაშთების მიხედვით გაირკვა, რომ ეკლესია ქვის ლორფინებით უნდა ყოფილიყო დახურული. მისი აგება ტბელ აბუსერისძის სახელს უკავშირდება. როგორც გათხრებმა დააზუსტა, ეკლესია აგებული უნდა იყოს XIII ს 30-იანი წლებისათვის.
ციხის ტერიტორიაზე გაითხარა ორი მარანიც. მათგან ერთ ერთი 28 ქვევრისაგან შედგებოდა (სურ. 7), ხოლო მეორე 43 ქვევრისაგან (სურ. 8).
ციხის ტერიტორიაზე გვიან შუასაუკუნეების სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებიც აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ხიხანის ციხეს მომდევნო ეპოქებშიაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.
ამგვარად ციხის ტერიტორიაზე წარმოებულმა გათხრებმა ნათელი წარმოდგენა შექმნა ნაგებობების არქიტექტურაზე და სამშენებლო ხელოვნებაზე, დაზუსტებულ იქნა შენობათა გეგმები და ზომები. დადგინდა, რომ ხიხანის ციხის ტერიტორიაზე ნაგებობები პირველად ჩნდება X საუკუნეში და XI საუკუნის 40-იანი წლებისათვის ციხე ძირითადი ნაგებობებით უკვე ფუნქციონირებდა. ციხის ადრეულ ნაგებობებს განეკუთვნება კოშკები, გალავნის კედლები, ხოლო X საუკუნის მეორე ნახევარსა და XI საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობს სასახლისა და 43 ქვევრიანი მარანის მშენებლობა. 28 ქვევრიან მარანს რაც შეეხება, ის თარიღდება XIII საუკუნის დასაწყისით. ეკლესია გვიანდელ პერიოდს განეკუთვნება, კერძოდ, XIII საუკუნის 30-იან წლებს. მთელი შუა საუკუნეების მანძილზე ციხის ტერიტორიაზე არ შეწყვეტილა მშენებლობა. არქეოლოგიურმა მასალამ აჩვენა, რომ ხიხანის ციხეზე ცხოვრების კვალი ქრება XIII საუკუნის შემდეგ. ციხის ტერიტორიის ხელახლა ათვისება უნდა მომხდარიყო XVII-XVIII საუკუნეებში. ციხემ ფუნქციონირება საბოლოოდ XIX ს-ის პირველ ნახევარში შეწყვიტა.
არქეოლოგიური მასალა. 2013-2017 წლებში ციხის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური არტეფაქტები (სურ. 9-18).
აღმოჩენილ მასალათა შორის, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ქვევრებს ეჭირათ (სურ. 15-16). ქვევრები ძირითადად ერთიანდება სამეურნეო კერამიკის ჯგუფში და გამოირჩევა დიდი ზომებით, თუმცა აქა-იქ გამოვლინდა მცირე და საშუალო ზომის ნიმუშებიც. ქვევრები აღმოჩნდა ორივე მარანში, პირველი 28 ქვევრიანი მარანი X საუკუნის მეორე ნახევარითა და XI საუკუნის დასაწყისითაა დათარიღებული (სურ. 7). აქ მოთავსებული ქვევრები საშუალო და მცირე ზომისაა და კვერცხისებრტანიანია. ჰქონდათ დაბალი ყელი და დაგრძელებული ვიწრო ძირ-ქუსლი. დიდი ქვევრები გამოირჩეოდა სიმაღლით, სამკუთხა განიკვეთიანი პირით, ვიწრო ყელითა და გამობერილი მუცლით. ზოგიერთი ქვევრი სადა იყო. ზოგიერთს კი შემოუყვებოდა სადა, ან ზოგიერთ ადგილას ჩაჭდეული რელიეფური სარტყელი. მხოლოდ რამდენიმე ქვევრი იყო მთლიანად რელიეფური სარტყელებით შემკული, რომელთაც თანაბრად დაშორებული ინტერვალით პატარა ნაჭდევები შემოუყვებოდა. იყო წრიულნაჭდევიანი რელიეფური სარტყლებით შემკული ქვევრებიც. 28 ქვევრიან მარანში აღმოჩენილი ქვევრები ხასიათდებოდა მაღალი ვიწრო ყელით, გამობერილი მუცლითა და პროფილირებული ძირით. ქვევრების ნაწილზე დატანებულია თოკისებრი ორნამენტები, ან წრიულნაჭდევიანი რელიეფური სარტყლები. ქვევრების ნაწილი წარმოდგენილია ორნამენტების გარეშე. მეორე მარანში აღმოჩენილი ქვევრები XIII საუკუნითაა დათარიღებული (სურ8). ქვევრების ნაწილი კირ-დუღაბში იყო ჩასმული, ნაწილი კი დუღაბის გარეშე არის პირდაპირ მიწაში ჩადგმული.
ქვევრები აღმოჩნდა ეკლესიის საკურთხეველშიც, ისინი გვიანდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ხასიათდება ბრტყელი პირით და დაბალი ყელით, მათი ტანი კვერცხისებრია, რამდენადმე დაგრძელებული, ძირი ვიწრო და ბრტყელია. ქვევრებს პირზე ამოკაწრული აქვს სამ-სამი ჯვარი (სურ. 16).
სამზარეულო კერამიკის ჯგუფში ერთიანდება კეცები და ქოთნები (სურ. 9-14; სურ. 18-19). კეცებს ახასიათებს მომრგვალებული პირი, დაბალი მხრები და სქელი კედლები. კეცების ნაწილი სისადავით გამოირჩევა, ნაწილი კი შემკულია თოკისებრი ორნამენტით, ხშირი ორნამენტით, ან კიდე შიდა პირზე ამოღარული წრეებით. ზოგიერთს სახელურიც გააჩნია.
ქოთნები არის როგორც სამკუთხა განიკვეთიანი, ისე მომრგვალებული გაშლილი პირით. ზოგიერთზე იმისათვის, რომ შეეკრათ შესამჩნევია ნახვრეტები, ბრტყელ განიკვეთიანი ყური პირზე, ან მხარეზე მიერთებული. არის ქოთნები, რომლებსაც დაძერწილი აქვს ნაჭდევებიანი სახელურები. ქოთნების ნაწილი რელიეფური და ამოღარული ტალღოვანი ორნამენტებითაა შემკული. არის „თოკისებრი სარტყელით“ შემკული ფორმებიც.
სუფრის ჭურჭელი დოქებით, სასმისებითა და ჯამებითაა წარმოჩენილი (სურ. 9-14; სურ. 18-19). ჯამები ძირითადად ბრტყელი, მომრგვალებული, მოყრილი პირით, ოვალური მხრებით, მაღალი კალთითა და დაბალი ბრტყელი ძირით ხასიათდება. ზოგიერთ ჯამზე შესამჩნევია ორნამენტები, ისინი დაბალქუსლიანია, ხოლო თიხა წვრილმარცვლოვანია და მასში ზოგჯერ მსხვილი ჩანართებია შესამჩნევი. მსგავსი ფორმის ჯამები აჭარისწყლის შუა საუკუნეების განათხარი ძეგლებიდანაა ცნობილი. ჯამები მიეკუთვნება XVII-XVIII საუკუნეებს. აღსანიშნავია დაკუთხული ჯამები, რომლებიც ნაკლებად ჩანს აღმოსავლეთ საქართველოს კერამიკაში, თუმცა ჭოროხის აუზში მათი აღმოჩენის შემთხვევები მატულობს. დაკუთხულძირიანი ჯამები გვხვდება აჭარისწყლის აუზის რამდენიმე განათხარი ძეგლიდან: სხალთა, თიკანაური, კალოთა, საციხური. გვხვდება ფართო მრგვალპირიანი დოქები და სამტუჩა დოქები. ცალკეა დოქი ვიწრო ტუჩით და მაღალი ყელით. ჭურჭლის ყურები ნაჭდევებითაა შემკული, არის ასევე წერნაქით მოხატული ნიმუშებიც. დოქების ძირები შეზნექილია, ან ბრტყელი. ქუსლი დაბალია და პროფილირებული. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი დოქის ყურზე ამოკაწრულია ჯვარი. დოქების უმრავლესობა გვიანდელი შუა საუკუნეების ნაგებობებიდანაა და, შესაბამისად, გვიანი შუასაუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.
სუფრის ჭურჭლის ჯგუფში საინტერესოა თავად მოჭიქული ჯამები. მათ შორის აღსანიშნავია თეთრანგობიანი ჯამი, რომელიც კრიალა ჭიქურითაა დაფარული და მწვანედ მოჭიქული ჯამები, რომელთა უმრავლესობა თეთრი ანგობითაა დაფარული და შემკულია ნაჭდევებით, წრეებით, ტალღოვანი ხაზებით და მცენარეული ორნამენტებით. შემკულობით და ფორმებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი შუა საუკუნეების ნაწარმს ეკუთვნის.
გვიანი შუასაუკუნეების ნაწარმს განეკუთვნება ასევე ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჩიბუხები.
აღმოჩენილ მასალათა შორის საკმაო რაოდენობითაა სამშენებლო კერამიკა, კერძოდ, აგურები და კრამიტები. ირკვევა, რომ ხიხანის ციხის ზოგიერთი გვიანდელი ნაგებობა კრამიტით ყოფილა დახურული, თუმცა ამასთან ერთად გადაუხურავთ ციხის განვითარებული შუა საუკუნეების კოშკებიც.
ქვის არტეფაქტებიდან აღმოჩენილია ლორფინები. მათი დიდი ნაწილი დამტვრეულია, მხოლოდ ორი ნაწილი შემორჩა სრული სახით.
რკინის ნივთებს შორის აღსანიშნავია ზარბაზნის ჭურვები. ისინი ნაპოვნია ეკლესიასთან და 28 ქვევრიან მარანთან. ჭურვები 1815 წელს შემორჩა ციხეზე, როდესაც ხიხანის ციხეში გამაგრებული იყო სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილი და მას წინააღმდეგობა უნდა გაეწია სულთნის მიერ გამოგზავნილი ბაბა-ფაშა ფეჰლევის ჯართან.
განათხარ მასალებში მცირე რაოდენობით გვხვდება მინის ნაწარმიც. მათგან აღსანიშნავია ცისფერი მინის გრეხილი სამაჯური. მას პარალელები მოეპოვება XI-XIII საუკუნეების მინის სამაჯურებთან. ამავე პერიოდს განეკუთვნება მომწვანო მინის ჭურჭლის ძირის ნაწილი, ორივე არტეფაქტი 43 ქვევრიანი მარნის გათხრებისას არის აღმოჩენილი და ერთი პერიოდით თარიღდება.
Bibliography:
- დ. მინდორაშვილი, ხიხანის ციხე, ბათუმი, 2019 (pdf);
- ა. კახიძე, შ. მამულაძე, აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბილისი, 2016 (pdf);
- ხ. ახვლედიანი, ხიხანის ციხისა და ეკლესიის ისტორიისათვის -კრებულში: ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში, ბათუმი, 1955, გვ. 29-84;
- შ. მამულაძე, აჭარისწყლის ხეობის შუასაუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები, ბათუმი, 1993
- თ. სახოკია, მოგზაურობანი, თბილისი, 1985
პასპორტის შემდგენელი: კახაბერ ქამადაძე, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.