Ajara Archaeological Sites

კალოთის სამსხვერპლო-საკურთხეველი

📍 View on map
კალოთის სამსხვერპლო-საკურთხეველი

არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: საკულტო ნაგებობა

ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა, ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევარი.

მისამართი (ქვეყანა, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – საქართველო, ხულოს მუნიციპალიტეტი, სხალთის ხეობა, სოფ. კალოთა GPS 41.531158/42.469925

History of study/research (circumstances of discovery, studies conducted on the monument, researchers working on the monument, bibliography):  

აღმოჩენის გარემოებები: ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამხრეთ-დასავლეთ სააქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციის აჭარისწყლის ხეობის რაზმი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში 1988 წელს იწყებს არქეოლოგიურ გათხრებს ნაეკლესიარის შესწავლის მიზნით. პარალელურად ხდებოდა მიმდებარე ტერიტორიის დაზვერვები ახალი ძეგლების გამოვლენის მიზნით. ექსპედიციის წევრთა ყურადღება მიიქცია ეკლესიასთან ახლომდებარე  ბორცვმა, რომელსაც მოსახლეობა ,,სერს“ უწოდებს. ,,სერზე“ დადასტურდა მეგალითური ტიპის ძეგლის, საკურთხეველი-სამსხვერპლოს არსებობა.

ძეგლზე ჩატარებული კვლევები: ძეგლის არქეოლოგიური კვლევები უკავშირდება შოთა მამულაძის, ამირან კახიძის, ანზორ ჯაველიძის (მხატვარ-არქიტექტორი), ნუგზარ მგელაძის სახელს. გათხრები ჩატარდა 1988 და 1990 წლებში. დადგინდა, რომ უძველეს მკვიდრთ საკურთხეველი აუგიათ წინასწარ მომზადებულ სამშენებლო მოედანზე. ადგილი სოფლის ნებისმიერი მონაკვეთიდან კარგად მოჩანს.

სამსხვერპლო-საკურთხეველ (ტაბ. I) წარმოდგენილია სამი – აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის (შედარებით უკეთ შემონახული) – კედლით. კედლები დამუშავებული ქვებით ყოფილა ამოყვანილი, დღეს იგი საძირკვლის დონემდეა დანგრეული. რაც შეეხება სამხრეთ მონაკვეთს, კედელი არ ფიქსირდება. როგორც ჩანს, ეს ნაწილი ღია იყო და გამოიყენებოდა მისასვლელად.

ძეგლზე არტეფაქტები ჩრდილოეთის კედელთან დაფიქსირდა. მის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ჩადგმული იყო ქვის ფალოსი (სიმაღლე 125 სმ), სამსხვერპლო-საკუთხეველის იატაკზე აღმოჩნდა ფალოსის თავიც (სიმაღლე 40 სმ დიამეტრი 40-20 სმ). გვერდით ქვის კვადრზე მდგარი კერპი, ე.წ. ქვაკაცი წაქცეული იდო სამსხვერპლო-საკუთხეველის იატაკზე. აქვე შემორჩენილი იყო ოთხკუთხა მოყვანილობის ქვის ტრაპეზის ფილა (სიგრძე – 60 სმ, სიგანე – 50 სმ, სისქე – 20 სმ), რომელიც ერთი ბოლოთი შემოდგმული ყოფილა ჩრდილოეთ კედელზე, ხოლო მეორე ბოლოს ამაგრებდა ოთხკუთხა განივკვეთიანი სვეტი. ჩრდილოეთ კედლის დანარჩენ ნაწილს დასავლეთ კედლის დასაწყისამდე ავსებდა დიდი ზომის მახვილპირიანი ქვის ფილა  (სიგრძე – 115 სმ), მის წინ იატაკის დონეზე იდო ბრტყელი ქვა (სიგრძე – 116 სმ, სიფართე – 75 სმ ).

ეთნო-არქეოლოგიური კვლევებით მეგალითური კულტურის ეს ძეგლი ღია ცის ქვეშ  ტაროსის, ამინდის მარეგულირებელი ღვთაების პატივსაცემად აღუმართავთ მინიმუმ 3000 წლის წინ.

Bibliography:

  1. კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარისწყლის ხეობის უძველესი არქეოლოგიური ძეგლები, ბათუმი, 1993.
  2. მგელაძე ნ., სულიერი სამყარო. – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები (უძველესი დროიდან ახ.წ. V საუკუნემდე), ტომი I, ბათუმი, 2007, გვ. 215-240 (pdf)

       პასპორტის შემდგენელი: ნარგიზ სურმანიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, მეცნიერ-მუშაკი