არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: ნამოსახლარი
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – ნეოლითი, ძვ.წ. VII-VI ათასწლეულები
მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები:) –
ხელვაჩაური, სოფ. მახვილაური; N 41 35 45.1 E 41 38 41.0
შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები) –
მახვილაურის ნეოლითური ნამოსახლარი მდებარეობს აჭარის რეგიონში (დასავლეთ საქართველო), ბათუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 კმ-ის დაშორებით, მდ. ჭოროხის სიახლოვეს, საშუალო სიმაღლის ბორცვზე (ტაბ. I). ბორცვს ჩრდილოეთის მხრიდან მახვილაურისწყალი ჩამოუდის, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან კი მეჯინისწყალი. ბორცვის სიმაღლე მდინარის დონიდან 5-6 მეტრია. იგი მომრგვალო ფორმისაა, რომლის აღმოსავლეთ ნაწილი შედარებით დამრეცი ფერდია, ხოლო დასავლეთი და ჩრდილოეთი მხარე კი სწორი. არქეოლოგიური ძეგლი ამჟამად მდებარეობს სოფ. მახვილაურში მცხოვრებ ნ. წულუკიძის საკარმიდამო ნაკვეთში.
მახვილაურის ნამოსახლარის აღმოჩენა შემთხვევითი გზით მოხდა, როდესაც 1968 წელს მიწის მეპატრონემ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ფუნდამენტის გაჭრა დაიწყო. მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩნდა ქვის არტეფაქტები – კაჟის და ობსიდიანის იარაღები, ქვის გაპრიალებული ცული, თოხისებრი იარაღი და სხვ. არქეოლოგიური სამუშაოები 1969 წელს დაიწყო (ხელმძღვანელი სერგო გოგიტიძე). როგორც გათხრებმა აჩვენა, ნამოსახლარი მოგვიანო პერიოდში სამაროვნად იყო გამოყენებული, რასაც ადასტურებს ფენებში აღმოჩენილი რიყის ქვის ქვაყრილები (სულ 17 ქვაყრილი დაფიქსირდა). ქვაყრილები ბრინჯაოს ხანის ორმოსამარხებია, რომლებმაც, სამწუხაროდ, ჩაჭრეს ნეოლითური ხანის კულტურული ფენა და მთლიანად დაარღვიეს იგი.
2001 და 2014-2015 წწ. საველე არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდა მახვილაურის ნამოსახლარზე. სამწუხაროდ, მიწის ხშირი დამუშავების შედეგად უძრავი კულტურული ფენა დარღვეული აღმოჩნდა. გათხრები ძირითადად წარმოებდა ადრე შესწავლილი ფართობის სამხრეთ მონაკვეთში გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხების კვლევა-ძიების შესწავლის მიზნით (მკვლევრები ამირან კახიძე, ნარგიზ სურმანიძე, ნინო ძნელაძე, მირანდა თურმანიძე, მხატვარი-არქიტექტორები ანზორ ჯაველიძე, გიორგი დუმბაძე).
2022-2025 წწ. მახვილაურის ნამოსახლარზე ჩატარდა მცირე მასშტაბის სადაზვერვო-საძიებო სამუშაოები (მკვლევარი გურამ ჩხატარაშვილი). შეგროვდა ქვის საინტერესო ინვენტარი, კერამიკის ფრაგმენტები, ხის დამწვარი ნახშირები, საცხოვრებელი სახლის ბოძის საყრდენი ორმოები და სხვ. (ტაბ. II)
ბიბლიოგრაფია
- გოგიტიძე ს., სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ნეოლითური კულტურა, თბილისი, 1978
- კახიძე ა., ძნელაძე ნ., სურმანიძე ნ., თურმანიძე მ., მახვიალურის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვნის არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, კრ., აჭარა: წარსული და თანამედროვეობა (რედ. პროფ. ამ. კახიძე), ტ. III, ბათუმი, 2017, გვ. 85-112.
- Chkhatarashvili, G., Davenport, J.A., Glascock, M.D., Khalvashi, M., Zoidze, T., Reconstructing Neolithic obsidian procurement in Western Georgia through an obsidian characterization study. Journal of Archaeological Science: Reports. vol. 57, 2024
https://doi.org/10.1016/j.jasrep.2024.104663
პასპორტის შემდგენელი: გურამ ჩხატარაშვილი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი