დავით ხახუტაიშვილი
დავით ხახუტაიშვილი (16/01/1924–1999) – ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1951 წელს. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ სამეცნიერო თანამდებობაზე: იყო ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, განყოფილების გამგე; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი (1980).
1949 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციაში (ვაშნარი, უჯარმა, ბიჭვინთა, წიწამური, ხოვლე, უფლისციხე, ქობულეთ-ფიჭვნარი, გონიო-აფსაროსი, ბათუმის ციხე, პეტრა-ციხისძირი, შავიზღვისპირა დიუნური დასახლებები, ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი, ყულევი და სხვა). მისი ძირითადი შრომები შეეხება ადრინდელი კლასობრივი ქალაქების ისტორიის და არქეოლოგიის, აგრეთვე, რკინის მეტალურგიის და ადრე რკინის ხანის საზოგადოების ისტორიის საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და საპატიო ნიშნის ორდენით. იყო ბათუმის საპატიო მოქალაქე.