Passport of Archaeological Monument
არქეოლოგიური ობიექტის დასახელება: ჩაისუბანი
არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: შემთხვევითი აღმოჩენა
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – ანტიკური ხანა, ძვ. წ. IV–III სს
მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩაისუბანი, ჩაქვისწყლის ხეობა, 41°42’22.7″N 41°45’21.4″E
შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია) –
აღმოჩენის გარემოებები: 1996 წელს ჩაისუბნის მკვიდრმა ჯ. ცინარიძემ ლომიჩამურში (ადგილი მდინარეების მეჩხერისწყალსა და ძვიწყალს შორის 5–6 მ სიმაღლის მდინარეულ ტერასაზე) იპოვა კაჟისა და ობსიდიანის იარაღები, ოქროს საყურე, ელექტრუმის რგოლი, ოქროს, მინისა თუ მინისებური პასტისა და ნახევრადძვირფასი ქვებისაგან დამზადებული მძივები, თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ელინისტური ხანის კოლექციის ძირითად ნაწილს სამკაული წარმოადგენს (ტაბ. I). განსაკუთრებით საინტერესოა ოქროს საყურე. მრგვალგანივკვეთიანი, ბოლოებგახსნილი რკალის ერთი ნახევარი სადაა, მეორე ნახევარზე მოცემულია ცხოველის (დრაკონის?) თავის სტილიზებული შეპირისპირებული გამოსახულება. რელიეფურადაა გადმოცემული ცხოველის დაცქვეტილი ყურები, მოკლე რკალებით შემოფარგლული თვალები და დრუნჩი (რგოლის დიამ. – 1,7 სმ). საყურე საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. IV-III სს ფართოდ გავრცელებული საყურე რგოლების ახალი სახეობა უნდა იყოს. ფიქრობენ, რომ შემკულობის მოტივი აღმოსავლურია. საქართველოში ძვ. წ. V საუკუნიდან ჩანს გავრცელებული.
ელექტრუმის სადა რგოლი დამზადებულია თხელი ბრტყელი ფირფიტისგან. ბოლოებგახსნილია (რგოლის დიამ. – 1,5–1,7 სმ, სიბრტყე – 0,3 სმ). შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტანსაცმლის მორთულობასთან.
კოლექციის უმეტეს ნაწილს მძივები წარმოადგენს.
ბიბლიოგრაფია: სურმანიძე ნ. (2002), ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები ჩაქვისწყლის ხეობაში, ბათუმის არქეოლოგიური მ უზეუმის შრომები, II, გვ. 82–88
პასპორტის შემდგენელი: ნინო ძნელაძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი