აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

ზუნდაგას განძი

📍 რუკაზე ნახვა
ზუნდაგას განძი

არქეოლოგიური  ობიექტის  დასახელება:   ზუნდაგას განძი

არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: განძი

  ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) –  გვიანბრინჯაოს ხანა, ძვ.წ.  X-IX სს

მისამართი (ქვეყანა, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – საქართველო, ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზუნდაგა, აჭარისწყლის ხეობა, GPS: N 41°34.140′ E 41°49.910′ 

შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია) 

აღმოჩენის გარემოებები: 1994 წელს სოფელ ზუნდაგას მკვიდრმა ბექირ მუსტაფის ძე ქობულაძემ მიწის დამუშავების დროს, სოფლის ბოლოში აჭარისწყლის ხეობის სამანქანე გზასთან ახლოს, ადგილ ,,მეგვერდა-მოსაფერთა”-ს მიდამოებში (აჭარისწყლის მარჯვენა სანაპირო), შემთხვევით იპოვა თიხის ქოთანში ჩაწყობილი ბრინჯაოს ნივთები. ესენია: ცენტრალურ-ამიერკავკასიური ბრინჯაოს ცული, ბრტყელი ცული, სამაჯური, ორი მასიური რგოლი, ორი ცალი სარტყელის აბზინდა.

ძეგლზე ჩატარებული კვლევები: განძის მეცნიერული შესწავლა დაკავშირებულია არქეოლოგების ამირან კახიძისა და შოთა მამულაძის სახელთან. მკვლევრები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ე.წ. ცენტრალურ-ამიერკავკასიური ცულის (ტაბ. I/1) მიმართ, რადგანაც მსგავსი ნივთი ადრე აჭარის ტერიტორიიდან უცნობი იყო. ამ ტიპის იარაღის გავრცელების საზღვრებია: ჩრდილოეთით -კავკასიონის ქედის სამხრეთი ფერდობები, აღმოსავლეთით – ნუხა-მინგეჩაურის ზოლი, სამხრეთით – მდ. არაქსის შუა წელი. დასავლეთით ძირითადად სურამის ფარგლებს გარეთაც გვხვდება. ყველაზე შორეული და უძველესი პარალელია ბოღაზ-ქოიში, ხეთების დედაქალაქ ხათუსაში აღმოჩენილი თეშუბის ქანდაკება, რომელსაც ხელში მსგავსი იარაღი უჭირავს. ზუნდაგას ცულს ცენტრალურ-ამიერკავკასიური ცულების ადრეულ სახეობად მიიჩნევენ.

ა. კახიძე და შ. მამულაძე მცირე აზიის, ანატოლიური ცივილიზაციის უძველეს კერებთან აკავშირებენ ბრტყელ ცულს (ტაბ. I/2) და აღნიშნავენ, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ზუნდაგას მსგავსი პირველი სახეობის ბრტყელი ცულები ძვ. წ. XII-X საუკუნეებით დათარიღებულ განძებშია აღმოჩენილი. ბრტყელი ცულების დანიშნულებასთან დაკავშირებით მკვლევართა შორის არაერთგვაროვანი მოსაზრებებებია (იარაღი გამოიყენებოდა სახელოსნო-სადურგლო დანიშნულებით; მიწის დამუშავებისათვის; სამთამადნო სამუშაოებში; ტყავის დასამუშავებლად; წარმოადგენდა საბრძოლო იარაღს და სხვა).

მაღალმხატვრულ ნაკეთობათა რიცხვს მიაკუთვნებენ აბზინდებს (ტაბ. I/4, 6). ერთი მათგანის ზედაპირი მთლიანადაა დაფარული გრაფიკული დეკორით. პირველად აღმოჩნდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ემსგავსება თლიის სამაროვნის (შიდა ქართლი) სამარხებში აღმოჩენილ აბზინდებს. თლიის მასალებს ამსგავსებენ სამაჯურებსაც (ტაბ. I/3). ამ ტიპის ბრინჯაოს რგოლებიც ფართოდაა გავრცელებული კოლხურ-ყობანურ და ცენტრალურ-ამიერკავკასიურ კულტურაში. ზუნდაგის განძიდან გადარჩა კიდევ ერთი ნაკლული ნივთი, მთლიანადაა დაფარული მჭიდროდ განლაგებული ტალღოვანი ორნამენტით. მიაჩნიათ, რომ იგი სატეხის მასრისებური ტარი უნდა იყოს (ტაბ. I/5).

ზუნდაგას განძის კვლევის შედეგების საფუძველზე მკვლევართა დასკვნით სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, აჭარა, კოლხური კულტურის უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერა, აჭარისწყლის ხეობის სათავეებით დაკავშირებული იყო ცენტრალურ-ამიერკავკასიურ, იბერიულ კულტურასთან.

აღმოჩენილი არტეფაქტები ინახება სსიპ აჭარის მუზეუმის ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია:

  1. კახიძე ა., მამულაძე შ., ჭოროხის აუზი კოლხური კულტურის უძველესი კერა, ბათუმი, 2000, გვ. 74-83. (pdf)    
  2. კახიძე ა.,  აჭარის მთიანეთის წინაქრისტიანული ხანის ძეგლები. –  სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა (უძველესი დროიდან ახ.წ. V საუკუნემდე),  ტომი I, ბათუმი, 2007, გვ. 227-240.(pdf)                                                
  3. კახიძე ა., სურმანიძე ნ., ნაგერვაძე მ.,  აჭარა ენეოლით-ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანაში (კატალოგი), ბათუმი, 2016, გვ.  74-76 (pdf)

პასპორტის შემდგენელი: ნარგიზ სურმანიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, მეცნიერ-მუშაკი