არქეოლოგიური ობიექტის დასახელება: კოლოტაურის ნამოსახლარი
არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: ნამოსახლარი
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – ანტიკური ხანა, ძვ. წ. V-IV სს
მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოლოტაური, აჭარისწყლის ხეობა, GPS N 41°34.890 E 041°52.881
შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია) –
აღმოჩენის გარემოებები: 1998 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტმა ვაჟა ფარტენაძემ არქეოლოგებს მიაწოდა ინფორმაცია სოფ. კოლოტაურში ჯვარიქედის ბორცვის გზის ჭრილში კერამიკული მასალის არსებობის შესახებ. 1999 წლის ზაფხულში არქეოლოგებმა ა. კახიძემ, გ. გრიგოლიამ, შ. მამულაძემ და მ. ხალვაშმა დაათვალიერეს ძეგლის ტერიტორია, სადაც ზედაპირულად შეგროვდა ძვ. წ. V-IV სს დათარიღებული მასალა. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ა. კახიძე, მცირე მასშტაბის სამუშაოები განახორციელა 2000 წლის მაისში. ექსპედიციის შემადგენლობაში შედიოდნენ ა. კახიძე (ხელმძღვანელი), შ. მამულაძე, მ. ხალვაში, ს. გოგიტიძე, ა. ჯაველიძე (მხატვარი–არქიტექტორი), გ. ბალანჩივაძე (ფოტოგრაფი).
ძეგლზე ჩატარებული კვლევები: სოფელი კოლოტაური მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ქ. ბათუმიდან 28 კმ–ის დაცილებით. სოფელი ბუნებრივად გამაგრებული და ყოველმხრივ დაცულია. სამხრეთით მდინარე აჭარისწყლითაა შემოსაზღვრული, აღმოსავლეთით – კოლოტაურის წყლით, აჭარისწყლის მარცხენა შენაკადით, სამხრეთით – აჭარა–შავშეთის მთებით, ხოლო დასავლეთით – აჭარა–შავშეთის ქედიდან აჭარისწყლის ხეობისკენ დაშვებული ციცაბო კლდოვანი ჯვარიქედით.
ნამოსახლარი მდებარეობს ჯვარიქედის დაბოლოების ყველაზე შემაღლებულ მონაკვეთზე, რომელიც ნახევარკუნძულის ფორმისაა და შეჭრილია აჭარისწყლის სანაპიროსკენ. იგი საჭიროების შემთხვევაში მიუდგომელი ხდებოდა: მდინარე ბორცვს ირგვლივ უვლის, სამხრეთი მონაკვეთი კი ჯვარიქედისგან ვიწრო ყელითაა გამოყოფილი. 1,5 ჰა მეტი ფართობის მქონე სამოსახლო კლდოვანი ბორცვის პლატოზე იყო გამართული. ზედა ნაწილის რელიეფი, სადაც სათვალთვალო კოშკი იყო, კლდოვანია. იმდროინდელი ადამიანის საქმიანობის კვალი შემორჩენილია ძეგლის გარშემო არსებულ ვაკე ადგილებში, სადაც გავლებული იქნა 8 საკონტროლო თხრილი.
ნამოსახლარზე გამოვლენილი თიხის ჭურჭელი დანიშნულების მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა: სამეურნეო, სამზარეულო და სუფრის. სამეურნეო ჭურჭელში გაერთიანებულია ქვევრები, დერგები, რომელთაგან გამოირჩევა ფართოპირიანი წყვილყურიანი ფორმები, და ამფორები, რომლებიც ფორმის მიხედვით კოლხური ამფორების ადრეულ ჯგუფს მიეკუთვნება (ძვ. წ. IV ს შუახანები – ძვ. წ. III ს დასაწყისი), სამზარეულო ჭურჭელში – ქოთნები, სუფრისაში – დოქები, სასმისები და ჯამები. უკანასკნელ ჯგუფში საინტერესოა ყურმილიანი დოქის მილის ფრაგმენტის აღმოჩენის ფაქტი. ამ ტიპის ჭურჭელი, რომელიც ადრეანტიკური ხანის კოლხური ჭურჭლის წამყვანი სახეობაა, მთის ძეგლებზე თვალში საცემად მცირე რაოდენობითაა აღმოჩენილი. კოლოტაურში აღმოჩენილი ფრაგმენტი ამ ტიპის ჭურჭლის გვიანი ნიმუშია.
ჯვარიქედის უბანში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით 2017 წელსაც განხორციელდა არქეოლოგიური სამუშაოები (ხელმძღვანელი: ნარგიზ სურმანიძე). შუასაუკუნეების კოშკის გარეთ, კლდის ძირში აღმოჩნდა ანტიკური ხანის სამეთუნეო ნაკეთობანი (ტაბ. I). როგორც ჩანს, თავდაცვითი ნაგებობის გასამართი ადგილის მომზადებისას მომხდარა ძველი კულტურული ფენების ნიველირება და ფერდობზე გადმოყრა. ახალი აღმოჩენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია თიხის პატარა ზომის ჭურჭელი შიდა ზედაპირზე წვის კვალით, რომელსაც საკულტო დანიშნულება უნდა ჰქონოდა (ძვ. წ. V ს).
ბიბლიოგრაფია: მამულაძე შ., ხალვაში მ. (2002), კოლოტაურის ანტიკური ხანის ნამოსახლარი, ბათუმის არქეოლოგიური მ უზეუმის შრომები, II, გვ. 28–41
პასპორტის შემდგენელი: ნინო ძნელაძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი