არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: საკულტო ნაგებობა/ეკლესია
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – IX-XI სს
მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები:) –
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ხინოწმინდა, კინტრიშის ხეობა, ჭახათის თემი, 41° 43.771’N 42° 4.730’E
შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები) –
განვითარებული შუა საუკუნეების საეკლესიო არქიტექტურის გამორჩეული ძეგლია ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც მდინარე კინტრიშის შენაკადის – საკირისღელის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მისი არქეოლოგიური შესწავლა განხორციელდა 1989–1990 წწ ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი გიორგი თავამაიშვილი). სამუშაოები ჩატარდა ეკლესიის შიგნით და რიყის ქვებით ნაგები გალავნით შემოსაზღვრული ეზოს ტერიტორიაზე (გალავნის აღმოსავლეთ კედელი მორღვეულია). ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ხინოს ეკლესია გუმბათიანი ყოფილა, რასაც უარყოფს დ. ბაქრაძე, რომელმაც ეკლესია 1874 წელს მოინახულა და დარბაზულ ეკლესიად ასახელებს.
ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში არაერთი გადაკეთება განუცდია. დანგრეულია. ალაგ–ალაგ კედლების სიმაღლე 2–3 მ აღწევს. არ აქვს შერჩენილი კამარები და გადახურვის სხვა ელემენტები. ზომების მიხედვით (18X10 მ) შესაძლოა განისაზღვროს მოზრდილ ნაგებობად, რომელსაც სამხრეთის მხრიდან გვიანი პერიოდის მინაშენი ეკვროდა. ეკლესიას ორი შესასვლელი ჰქონდა – სამხრეთიდან და დასვლეთიდან. დიდ დარბაზს აღმოსავლეთით ჰქონდა საკურთხეველი ღრმა ბემით, რომლის ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ფორმის სადიაკვნე და სამკვეთლო იყო მოწყობილი. გვიანდელი გადაკეთების შედეგი უნდა იყოს დარბაზის დასავლეთ ნაწილში არსებული სადგომები. თავდაპირველად ეკლესია წარმოადგენდა სამნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებს სამი წყვილი სვეტი გამოყოფდა. ეკლესიის შიგა კედლები ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვის ფილებით. ფასადი მოპირკეთებულია ქვის კვადრებით. გარედან შუა ნავი – ორფერდა, ხოლო გვერდითი ნავები ცალქანობა სახურავით იყო გადახურული (ტაბ. I-II).
ბოძების არათანაბარი ინტერვალით განლაგების პრინციპი, მშენებლობის ტექნიკა და ქვის წყობის ხასიათი ეკლესიას IX ს ქართული არქიტექტურის ნიმუშებთან აახლოებს. 1969 და 1989 წწ სამხრეთი მინაშენის გაწმენდისას აღმოჩნდა მამაკაცის ორი რელიეფური თავის გამოსახულება, რაც X-XI სს მიჯნაზე წარმოეტული განახლების მაუწყებელია (ტაბ. I-II). სკულპტურები ამჟამად ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმშია დაცული. სახეებს ტუჩ–ნიკაპი ჩამომტვრეული აქვს. ერთიანი ქვის ბლოკისაგან გამოკვეთილი თავები უკანა მხარეს შვერილი ღერძით მაგრდებოდა კედლის ზედაპირზე. ხინოწმინდის ეკლესიის დეკორში სკულპტურული თავების ადგილის განსაზღვრა და სასულიერო ან საერო პირებთან გაიგივება გარკვეული ინდივიდუალური ნიშნების არსებობის მიუხედავად რთულია. მხატვრულ–სტილისტური თავისებურებებით X-XI სს მიჯნის ქართული რელიეფური ქანდაკების ძეგლებს უახლოვდებიან. უახლოესი ანალოგი ბაგრატი ტაძრის სამხრეთ ფასადზე ასევე წყვილად წარმოდგენილი სკულპტურული სახეებია. ხინოწმინდის ეკლსესიის სკულპტურული გამოსახულებები გამოიკვლია მაია ჭიჭილეიშვილმა.
ბიბლიოგრაფია:
1. თავამაიშვილი გ., ხინოწმინდა, თბილისი, 2009
2. ჭიჭილეიშვილი მ., საეკლესიო ხუროთმოძღვრება აჭარაში განვითარებულ ფეოდალურ ხანაში. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ნარკვევები (აჭარა), II, ბათუმი, 2009, გვ. 198-205 (pdf)
პასპორტის შემდგენელი: ნინო ძნელაძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი