Ajara Archaeological Sites

ხუცუბნის სადგომი

📍 View on map
ხუცუბნის სადგომი

არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: სადგომი

ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი)  – მეზოლითი, ძვ.წ. X-IX ათასწლეულები

მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები:) –

ქობულეთი, კინტრიშის ხეობა, სოფ. ხუცუბანი;   41˚48.057’N   041˚51.168’E

შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები)  –

ხუცუბნის მეზოლითური ხანის სადგომი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კურორტ ქობულეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლ. 6 კმ-ის დაშორებით, მდ. კინტრიშის მარჯვენა ნაპირზე. ძეგლი მიეკუთვნება ღია ტიპის ნამოსახლარს, რომელსაც უკავია მდინარის ძველი ტერასა. ტერასის სიმაღლე 15-20 მ-ია. საერთო ფართობი დაახლ. 1 ჰა. კვლევებით დგინდება, რომ ტერასა წარმოადგენდა უძველესი ადამიანის საცხოვრებელ ადგილს, რასაც თითქმის მთელს ტერიტორიაზე შემორჩენილი ქვის ხანის კულტურული ფენები და შესაბამისი არქეოლოგიური მასალა მოწმობს. არქეოლოგიური ძეგლი ამჟამად ხუცუბანში მცხოვრები მარინე ბერიძის საკარმიდამო ნაკვეთშია.

ხუცუბნის ნამოსახლარის აღმოჩენა დაკავშირებულია არქეოლოგ ი. გძელიშვილის სახელთან, რომელმაც 1959 წ. ქობულეთის რაიონში დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა. შეგროვდა 58 ერთეული კაჟისა და ობსიდიანის არტეფაქტი. ამავე წელს, სოფ. ხუცუბანში რამდენიმე ერთეული მასალა შეაგროვა ბათუმის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ა. რამიშვილმა.

1960-1962 წწ. საქართველოს შავიზღვისპირეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ანასეულის რაზმმა (რაზმის უფროსი: ლამარა ნებიერიძე) მოკლევადიანი დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა ხუცუბანში და ახალი მასალები აღმოაჩინა.

1967-1968 წწ. არქეოლოგმა სერგო გოგიტიძემ სადაზვერვო არქეოლოგიური კვლევა-ძიების საფუძველზე როგორც ზედაპირულად, ისე გათხრების შედეგად მოიპოვა კაჟისა და ობსიდიანის დაახლ. 600-მდე არტეფაქტი. მათ შორის 200-მდე იარაღი იყო (ტაბ. I).

2021-2024 წწ. ხუცუბანში გაგრძელდა კვლევა-ძიებითი სამუშაოები, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით აწარმოა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ (ექსპედიციის ხელმძღვანელი: გურამ ჩხატარაშვილი). ექსპედიციაში არქეოლოგების გარდა ჩართული იყვნენ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნერებათა დარგის სპეციალისტები (პალინოლოგი, გეოლოგი, არქეობოტანიკოსი, გეოქიმიკოსი, გეოფიზიკოსი და სხვ.). ჩატარებული ინტერდისციპლინური კვლევების შედეგად მიღებულია უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია უძველესი ადამიანის მიერ ქვის დამუშავების ტექნიკაზე, პალეოკლიმატურ გარემოზე, ქვის დასამზადებელი ნედლეულის შერჩევის სტრატეგიებსა და მობილურობაზე, ძეგლის ასაკზე, საკვებ რაციონზე და სხვ.

აღსანიშნავია, რომ გათხრების შედეგად აღმოჩნდა კაჟისა და ობსიდიანის 2 500-მდე არტეფაქტი (ტაბ. II). მათგან 450-მდე იარაღს ეკუთვნის. ესენია: საჭრისები, რეტუშირებული ლამელები და ანატკეცები, გვერდამოღარული მიკროლამელები, საფხეკები. მონაპოვრებში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა წარმოდგენილი გვერდდაბლაგვებული მიკროლამელები, რომელთა ზომები 0,6 სმ-ს არ აღემატება. მსგავსი იარაღები ნადირობისთვის საჭირო სატყორნ-სასროლი იარაღის ჩასართებად გამოიყენებოდა.

სპეციალისტთა ვარაუდით, ხუცუბანში დაახლ. 11 000 წლის წინ მონადირეთა დროებითი სადგომი უნდა ყოფილიყო, რომელსაც სეზონურად (ნადირობის დროს) სტუმრობდა.

ბიბლიოგრაფია

  1. ბერძენიშვილი ნ., ნებიერიძე ლ. 1964. ქვის ხანის ნამოსახლარები კინტრიშის ხეობაში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, I, 7-16
  2. გოგიტიძე ს. 1978. სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღისპირეთის ნეოლითური კულტურა, თბილისი
  3. Manko V., Chkhatarashvili G. 2022. Transcaucasia and Neolithic of South of Eastern Europe. Arheologia, 2, 19-52 (pdf)
  4. Chkhatarashvili G., Chichinadze M., Glascock M.D., Davenport J.A., Khalvashi M., Aslanishvili L., Rodinadze Sh. 2024. Interdisciplinary investigation of the Khutsubani site (Western Georgia), Revista Arheologica, serie noua, vol. XX, nr. 1, 175-187 (pdf)

პასპორტის შემდგენელი: გურამ ჩხატარაშვილი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი