Ajara Archaeological Sites

ჯვრის მთის ნამოსახლარი

📍 View on map
ჯვრის მთის ნამოსახლარი

არქეოლოგიური ობიექტის დასახელება: ჯვრის მთის ნამოსახლარი

არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: ნამოსახლარი  

ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – ანტიკური ხანა

მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა, GPS კოორდინატები) – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ჯვრის მთა, ჩაქვი–მახინჯაურის ქედი, GPS: 41°40’44.0″N 41°42’58.0″E

შესწავლის/კვლევის ისტორია: (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია) –

ძეგლი შემთხვევით აღმოჩნდა 2005 წელს. ძეგლის დათვალიერების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ იგი წარმოადგენს საქართველოს ზღვისპირეთის თავდაცვითი სისტემის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს. ჯვრის მთიდან, რომელიც ყოროლისწყალსა და ჩაქვისწყლის შენაკად მეჩხერწყალს შორისაა აღმართული (სიმაღლე ზღვის დონიდან 800 მეტრზე მეტი), შესანიშნავად მოჩანს თურქეთის საზღვრები, ჭოროხის დელტა, მახვილაურისა და ურეხის გორა, ფერიის ბორცვები (ანტიკური ხანის მასალა), სამების გორა, სოფ. ახალშენი, სამება, ჩელტა და კაპრეშუმი. ზღვისპირა ზოლში – ბათუმი, ბარცხანა და თამარის დასახლება. დასავლეთით – განთიადი, მახინჯაური, მწვანე კონცხი და მთელი ზღვისპირა ზოლი, ჩრდილოეთით – დაბა ჩაქვი და ჩაქვისწყლის ხეობა, ქობულეთი, აღმოსავლეთით – ჩაქვისთავი, მტირალა და ზუნდაგის მთები. ჯვრის მთას ეკვრის სოფ. ყოროლისთავი. კოლხეთის სამეფოში არსებობდა საფორტიფიკაციო დასახლებების ერთიანი სისტემა, რომლებიც სასიგნალო ნიშნებით ერთმანეთს გადასცემდნენ ინფორმაციას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ჯვრის მთის შემთხვევაშიც ადგილობრივ მოსახლეობას სასიგნალო–სათვალთვალო დასახლების მოსაწყობად მოხერხებული ადგილი შეურჩევია.

ჯვრის მთაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა სამეთუნეო ნაწარმითაა წარმოდგენილი. არის როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული კერამიკა. ადგილობრივი კერამიკული ნაწარმიდან აღსანიშნავია კოლხური სასმისის ცილინდრული ტანისა და კონუსურქუსლიანი ძირის ფრაგმენტი (ტაბ. III/3). ქუსლი შემკულია ჰორიზონტალურღარებიანი სარტყელით გაყოფილი ბადისებრი ორნამენტით. სასმისს აქვს ანალოგები, ფართოდ გავრცელებული ჩანს კოლხურ კულტურაში. მრავლადაა აღმოჩენილი კოლხური ქვევრების სადა თუ ორნამენტირებული ნატეხები (ტაბ. I), თიხის სხვადასხვა სახის ჭურჭლის ყურების ფრაგმენტები (ტაბ. II,1), თიხის ჯამი, რთვა–ქსოვასთან დაკავშირებული თიხის პირამიდული საწაფები (ტაბ. III/1, 2). ცალკე განხილვის საგანია გვიანანტიკური ხანის თიხის სადგამი ჰორიზონტალური ღარების, ტალღისებური და დახრილი ჭდეებისგან შემდგარი მცენარეული ორნამენტით (ტაბ. III/4). შესაძლოა, მას იყენებდნენ ღვინის სასმისად განკუთვნილი ჭურჭლის სადგამად. აღსანიშნავია ძვ. წ. V ს ქიოსური ამფორის პირ–ყელის, ყავისფერკეციანი ამფორების ძირების ფრაგმენტები (ტაბ. III/2-7). აღმოჩენილია ასევე შავლაკიანი ჭურჭლის პირისა და ტანის ნატეხი.

აღმოჩენილი მასალაზე დაკვირვებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პირველი დასახლება აქ ადრეანტიკურ ხანაში გაჩენილა და ჩაბმული იყო საგარეო სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებში. იგი სტრატეგიული თვალსაზრისით მოსახერხებელ ადგილზე მდებარეობს, საიდანაც შეიძლებოდა ყოროლისწყალ–ჩაქვისწყლის ხეობასა და ჭოროხის აუზის მონაკვეთის გაკონტროლება.                

Bibliography:

ა. კახიძე, ტრანსკავკასიური მაგისტრალის გასწვრივ, ჟურნ. ჭოროხი, №11, 2005, გვ. 116–118

ნ. სურმანიძე, ანტიკური ხანის ნამოსახლარი ჯვრის მთაზე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, V, 2013, გვ. 26–33 (pdf)

პასპორტის შემდგენელი: ნინო ძნელაძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი