არქეოლოგიური ობიექტის ტიპი: სამეურნეო ნაგებობა/საწნახელი
ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი) – განვითარებული შუასაუკუნეები
მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ხეობა) – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზუნდაგა, მახუნცეთის თემი, 41˚34.140’N 41˚49.910’E
შესწავლის/კვლევის ისტორია (აღმოჩენის გარემოებები, ძეგლზე ჩატარებული კვლევები, ძეგლზე მომუშავე მკვლევრები, ბიბლიოგრაფია):
მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში. კერძოდ, გარეუბან ბაბუჩოღლების უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში, მდინარე ზუნდაგისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, 150 მეტრითაა დაცილებული. საწნახელი ძაღლაურის ქედის ბოლო მონაკვეთის კლდოვან ქანშია ნაკვეთი. საკმაოდ კარგადაა შემონახული. აბაზანის შიდა ზომებია: სიგრძე – 2.07 მ, სიფართე დასავლეთი კედელთან – 1 მ, აღმოსავლეთის კედელთან – 0.95 მ. სიღრმე უკანა კედელთან – 0.95 მ, წინა კედელთან – 0.45 მ. საწნახელი ტკბილის სადინარისკენ აღმოსავლეთით შედარებით ვიწროა. ძირი ტკბილის სადინარისკენ 10 სმ დახრილი. სადინარი ხვრელი წრიული ფორმისაა და ისარნის კედლიდან 5-7 სმ წინაა წაწეული და ღარისებრი შვერილით ბოლოვდება. დიამეტრი 10 სმ. ისარნა განთავსებულია საწნახლის გაგრძელებაზე აღმოსავლეთით. ზომები: სიგრძე – 0.80 მ, სიგანე დასავლეთით – 0.35 მ, შუა ნაწილში – 0.55 მ, ბოლოში – 0.50 მ. სიღრმე – 0.90 მ. საწნახლის უკანა კედლის დასავლეთ მონაკვეთში ძირიდან 0.70 მ დატანილია ოთხკუთხა ფოსო (0.20X0.15X0.25 მ) ჭაჭის ამოსაქაჩი ძელის თავისათვის. საწნახელში წვიმის წყლის ჩადინების თავიდან ასაცილებლად ჩრდილოეთით მთელ სიგრძზე და ნაწილობრივ აღმოსავლეთით კლდეშივე ამოკვეთილია ღარი. ძირში კლდეშივე ამოჭრილია 0.90 მ სიგრძის საფეხური. დასავლეთ და უკიდურეს სამხრეთ ნაწილში არის კლდეში ნაკვეთი წრიული ფორმის ფოსოები, როგორც ჩანს, სახეხი საშუალებების შესანახავად განკუთვნილი.
ბიბლიოგრაფია:
კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბილისი, 2016, გვ., 117 (pdf)
პასპორტის შემდგენელი: ნინო ძნელაძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი